წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი

2824
10 ივნისი 10:28
15
წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი

ღირსმა ნიკიტამ თავდაუზოგავად დაიწყო ზრუნვა მონასტრის აყვავებისა და კეთილმოწყობისათვის, პირადი მკაცრი ცხოვრების წესით აძლევდა საძმოს ბერული ცხოვრების მაგალითს. რამდენიმე წლის შემდეგ მოწესეთა რიცხვი მონასტერში ასამდე გაიზარდა.

წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, მიდიკიის მონასტრის წინამძღვარი (+824) - დაიბადა ბითვინიის კესარიაში, ღვთისმოსავ ოჯახში, დედა შობიდან მერვე დღეს გარდაიცვალა, მამა კი ბერად აღიკვეცა. ჩვილს ქრისტიანული სულით ზრდიდა ბებია. წმიდა ნიკიტა ბავშვობიდან ეკლესიაში მსახურობდა და დაყუდებული ბერის სტეფანეს მორჩილი იყო. მისი კურთხევით წავიდა მიდიკიის მონასტერში, სადაც იღუმენი იყო წმიდა ნიკიფორე (ხს. 13 მარტს).

შვიდი წლის შემდეგ ღირს ნიკიტას პრესვიტერად დაასხეს ხელი. უძლურებაში მყოფმა ღირსმა ნიკიფორემ მას მიანდო მონასტრის მოვლა-პატრონობა.

ღირსმა ნიკიტამ თავდაუზოგავად დაიწყო ზრუნვა მონასტრის აყვავებისა და კეთილმოწყობისათვის, პირადი მკაცრი ცხოვრების წესით აძლევდა საძმოს ბერული ცხოვრების მაგალითს. რამდენიმე წლის შემდეგ მოწესეთა რიცხვი მონასტერში ასამდე გაიზარდა.

ღირსი ნიკიფორეს გარდაცვალების შემდეგ ძმებმა იღუმენად ერთსულოვნად ნიკიტა აირჩიეს.

უფალმა წმიდა ნიკიტა სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მისი ლოცვით მრავალი განიკურნა: ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, გონარეულს გონება დაუბრუნდა, განიკურნა ორი ეშმაკეული ქალი.

ლეონ სომეხის (813-820) დროს განახლდა ხატმბრძოლობის ერესი. მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდნენ და ასახლებდნენ. 815 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა ერეტიკოსთა კრება, რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო წმიდა პატრიარქი ნიკიფორე (806-815+828), მის ადგილზე კი აირჩია ერეტიკოსი ერისკაცი თეოდოტი. გადასახლებული და დატყვევებული მართლმადიდებელი ეპისკოპოსების ნაცვლად ერეტიკოსები დანიშნეს. იმპერატორმა ყველა მონასტრის იღუმენი მოიწვია და შეეცადა ისინი ერესზე მოექცია. მოწვეულთა შორის იყო ღირსი ნიკიტაც, რომელიც მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობას. მისი მიბაძვით ყველა იღუმენი წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონის ერთგული დარჩა. ამისთვის ისინი შეიპყრეს. ღირსი ნიკიტა ვაჟკაცურად ითმენდა განსაცდელს და სხვებსაც ამხნევებდა.

იმპერატორმა და ცრუპატრიარქმა თეოდოტიმ გადაწყვიტეს, ეცდუნებინათ ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებლები: იმპერატორი მათ შეჰპირდა, რომ ყველას თავისუფლებას მიანიჭებდა და წმიდა ხატთა თაყვანისცემის უფლებას მისცემდა იმ პირობით, თუ ცრუპატრიარქ თეოდოტისთან ეზიარებოდნენ. ნიკიტა დიდხანს ჭოჭმანობდა, სხვა ტუსაღები კი ევედრებოდნენ, მიეღო იმპერატორის წინადადება. ღირსი ნიკიტა წავიდა ტაძარში, სადაც სხვების თვალის ასახვევად ხატები იყო დასვენებული და წმიდა ნიკიტაც ეზიარა. როდესაც მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მამამ ნახა, რომ ქრისტიანთა დევნა არ წყდებოდა, კვლავ ჩავიდა კონსტანტინეპოლში და უშიშრად ამხილა ხატმბრძოლობის ერესი. წმიდა ნიკიტა კვლავ შეიპყრეს და ექვსი წლის მანძილზე, ლეონ სომეხის გარდაცვალებამდე, ციხეში ტანჯავდნენ. ტყვეობაში ყოფნისას მისი მხურვალე ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 824 წელს წმიდა ნიკიტამ ღვთივ მიისვენა. მისი ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. წმიდანის საფლავთან სასწაულები აღესრულებოდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 8 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება და დასრულდება 12 ივლისს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ