მზოვრეთის მამათა მონასტერი განცხადებას ავრცელებს
მონასტრის ადმინისტრაცია მომლოცველებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მონასტერში ქცევის წესები და არ ენდონ პირებს, რომლებიც მათი სახელით სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობენ.
მონასტრის ადმინისტრაცია მომლოცველებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მონასტერში ქცევის წესები და არ ენდონ პირებს, რომლებიც მათი სახელით სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობენ.
მზოვრეთის მამათა მონასტერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მონასტერს არანაირი კავშირი არ აქვს იმ პირებთან, რომლებიც მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომლოცველებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ტრანსპორტით აყვანას სთავაზობენ.
განცხადების თანახმად, მონასტერში ხშირად იღებენ კითხვებს ტაქსების ტარიფებთან და გზის გავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული მომსახურება კერძო პირების მიერ ხორციელდება და მონასტერი ამ პროცესში არ მონაწილეობს.
მონასტრის წარმომადგენლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ღვთისა და კეთილისმყოფელების დახმარებით, მონასტერს დამატებითი შემოსავლის წყაროების მოძიების საჭიროება არ აქვს და მის მთავარ მიზანს სულიერი საქმიანობა წარმოადგენს.
ამასთან, განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია მომლოცველთა ქცევის წესებზეც. მონასტერი აღნიშნავს, რომ ხშირად უწევს სტუმრებისთვის ელემენტარული წესების შეხსენება, მათ შორის, ტაძრისა და მონასტრის სივრცის პატივისცემა, სიჩუმის დაცვა, შესაბამისი ჩაცმულობა და ღირსეული მოქცევა.
მონასტრის ადმინისტრაცია ასევე განმარტავს, რომ შიდა სივრცის სიმცირისა და მომლოცველთა დიდი ნაკადის გამო, ხშირად აუცილებელი ხდება ვიზიტორთა ნაკადის რეგულირება, რის გამოც ზოგიერთ მომლოცველს მონასტრის დატოვება შედარებით მოკლე დროში უწევს.
განცხადების დასასრულს, მზოვრეთის მამათა მონასტერი მადლობას უხდის მორწმუნეებს მხარდაჭერისა და გაგებისთვის და მოუწოდებს ყველას, მონასტერში სტუმრობისას გაითვალისწინონ დადგენილი წესები, რათა სიწმინდისა და ლოცვის გარემო შენარჩუნდეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლეხინდრისთავში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაული აღინიშნა.