თბილისის სასულიერო აკადემიაში წმინდა გრიგოლ პალამას ტრიადოლოგიის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა
ლექცია ღვთისმეტყველების მაგისტრმა იოსებ არჩვაძემ წაიკითხა და მსმენელებთან ერთად მართლმადიდებლური ტრიადოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელა.
27 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე — „წმინდა გრიგოლ პალამას ტრიადოლოგიის ძირითადი ასპექტები“, რომელსაც უძღვებოდა ღვთისმეტყველების მაგისტრი იოსებ არჩვაძე.
ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა განიხილა წმინდა გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველებასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საუბარი შეეხო გრიგოლ პალამასა და ვარლაამ კალავრიელის დაპირისპირების ისტორიულ კონტექსტს, ვარლაამის ტრიადოლოგიურ პოზიციას, ასევე წმინდა გრიგოლ პალამას სწავლების ძირითად მიმართულებებს.
მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მამის მონარქიის (ერთდასაბამობის) მნიშვნელობას, საღვთო ბუნებისა და საღვთო ენერგიების გამიჯვნის საკითხს, სულიწმინდის გამომავლობის ორგვარობის თემას და სულიწმინდის ჰიპოსტასური თვისების — „გამომავლობის“ — განმარტებას „ფილიოქვეს“ სწავლების კონტექსტში.
იოსებ არჩვაძე თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულია. მან 2016 წლიდან სწავლა გააგრძელა საბერძნეთში, კაპოდისტრიას სახელობის ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში, ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე. მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის 2020 წელს დაჯილდოვდა „წარჩინების პრემიით“, ხოლო 2024 წელს წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „გრიგოლ ღვთისმეტყველის ნაშრომთა ექვთიმე ათონელისეული თარგმანები“ და მიენიჭა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი მიმართულებით — „პატროლოგია და ქრისტიანული არქეოლოგია“.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ლექციამ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მომხსენებელმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „თბილისი — ტოლერანტობის ქალაქი“ — ახალგაზრდებმა სხვადასხვა კონფესიის სალოცავები მოინახულეს.