27 მაისს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირს დოდო გარეჯელს მოიხსენიებს

2824
27 მაისი 12:35
17
დოდო გარეჯელის ტაძარი დოდო გარეჯელის ტაძარი

კახელი წარმოშობის წმინდანი, დავით გარეჯელის თანამოსაგრე და დოდოს რქის მონასტრული ცხოვრების დამფუძნებელი.

მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 27 მაისს ღირს დოდო გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდანი VI საუკუნეში მოღვაწეობდა და ქართველ ასურელ მამათა შორის ერთ-ერთ გამორჩეულ მოღვაწედ მიიჩნევა.

წმიდა დოდო წარმოშობით კახელი იყო და ანდრონიკაშვილთა გვარს ეკუთვნოდა. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრების გზას დაადგა და თავი ქრისტეს მსახურებას მიუძღვნა. უპოვარებისა და განმარტოების მოყვარული ბერი თავდაპირველად ნინოწმინდაში მოღვაწეობდა.

მას შემდეგ, რაც ღირსმა დოდომ დავით გარეჯელის სასწაულებისა და ღვაწლის შესახებ შეიტყო, გარეჯში გაემგზავრა. წმიდა მამებმა ერთმანეთი სიყვარულით მიიღეს და ერთობლივი მოღვაწეობა დაიწყეს.

დავით გარეჯელმა მალევე შეამჩნია ღირსი დოდოს სულიერი სიმტკიცე და ღვთისმოსაობა, რის შემდეგაც აკურთხა, კლდის წვერზე აეშენებინა სენაკები და იქ თანამოსაგრეებთან ერთად დამკვიდრებულიყო. დროთა განმავლობაში მონასტრული ცხოვრება გაფართოვდა და სენაკების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა.

თავად ღირსი დოდო მცირე ნაპრალში დაეყუდა, სადაც მკაცრი ასკეტური ცხოვრებით, განუწყვეტელი ლოცვითა და ცრემლით ევედრებოდა უფალს ცოდვათა მიტევებას, ძმათა განმტკიცებასა და ქვეყნის მოქცევას ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთი სასწაულებრივი მოვლენის შემდეგ, როდესაც წმიდა დავითმა რუსთავის მთავრის — ბუბაქარის ავადმყოფი ვაჟი განკურნა, მთავარმა ბერებს შესაწირი მიუტანა. დავით გარეჯელმა ნაწილი ღირს დოდოს გაუგზავნა და ურჩია, თავად აღესრულებინა ნათლობა. წმიდა დოდომ მონათლა ბუბაქარი, მისი სამი ვაჟი და მათი ამალა.

ღირსი დოდო ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა მის მიერ დაარსებულ სავანეში, სადაც მშვიდობით აღესრულა. მისი წმიდა სხეული სენაკშივე დაკრძალეს, ხოლო მოგვიანებით საფლავზე ეკლესია აშენდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მნიშვნელობა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ