პატრიარქ შიო III-ის სიტყვა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ეკლესიის როლზე, ახალგაზრდობის პასუხისმგებლობასა და ქვეყნის ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III.
პატრიარქმა საზოგადოებას 26 მაისი მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს თარიღი ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის, თავისუფლებისაკენ სწრაფვისა და ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოა.
მისი თქმით, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ნება, ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ მომავალზე პასუხისმგებელი სახელმწიფო.
შიო III-მ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლზე და აღნიშნა, რომ ეკლესია ისტორიულად ქართველი ერის სულიერი საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი იყო. მისი თქმით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას წინ უსწრებდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.
სიტყვაში პატრიარქმა თავისუფლების ქრისტიანულ გაგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობა არ არის — იგი ადამიანის შინაგან მდგომარეობას, პასუხისმგებლობას, რწმენას და სამშობლოს მსახურებას გულისხმობს.
მან მადლიერებით გაიხსენა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანები და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი მომავალ თაობებს ავალდებულებს, დაიცვან და განამტკიცონ ქვეყნის თავისუფლება.
პატრიარქმა ასევე განსაკუთრებულად აღნიშნა ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი და მისი მრავალწლიანი მსახურება, რომელიც, მისი შეფასებით, ქვეყნის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთიანობის განმტკიცების მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა.
სიტყვაში ყურადღება დაეთმო 2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსაც. შიო III-ის განცხადებით, ეს თარიღი ქართველი ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი განვითარების საფუძვლების შეხსენებაა.
პატრიარქმა მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალებს და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასთან ერთად მათი მისია მშვიდობის, პასუხისმგებლობისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითის ჩვენებაც არის.
განსაკუთრებული გზავნილით მან ახალგაზრდებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობას, ზნეობრივ ცხოვრებასა და შინაგან სიმტკიცეს უკავშირდება.
სიტყვის დასასრულს შიო III-მ კიდევ ერთხელ მიულოცა საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე და დალოცა საქართველო სიტყვებით:
„ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო. ამინ!“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დღეს ღირსი ექვთიმე ათონელის, მთარგმნელის ხსენების დღეა.