პატრიარქ შიო III-ის ქადაგება იოანე ზედაზნელისა და ასურელი მამების ხსენების დღეს

2824
21 მაისი 09:47
16
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III. ფოტო: საზუ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III. ფოტო: საზუ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებაში ასურელი მამების მნიშვნელობაზე, მონაზვნობის როლსა და საქართველოსთვის მათი ლოცვით შეწევნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ღირსთა ასურელთა მამათა — იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ხსენების დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებით მიმართა სასულიერო პირებსა და მრევლს.

პატრიარქმა დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ასურელმა მამებმა საქართველოში ქრისტიანული ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება — სამონაზვნო ცხოვრება დაამკვიდრეს.

ქადაგებაში შიო III-მ ყურადღება გაამახვილა აღდგომის წარგზავნის დღის სახარებისეულ გზავნილზე და გაიხსენა უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „სანამ გაქვთ ნათელი, ირწმუნეთ ნათლის, რომ იყოთ ძე ნათლისა“.

მისი თქმით, ეს ქრისტეს ნათელი საქართველოში ჯერ წმინდა ნინომ მოიტანა, ხოლო შემდეგ ასურელმა მამებმა გააძლიერეს მონაზვნური ცხოვრების დამკვიდრებით.

„თუ წმინდა ნინომ მოგვიტანა ქრისტეს სარწმუნოება, ასურელმა მამებმა მოგვიტანეს სამონაზვნო ცხოვრება — სულიერი სრულყოფისა და ღმერთთან მიახლოების გზა“, — აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგებისას შიო III-მ გაიხსენა სახარებისეული ეპიზოდი მდიდარი ჭაბუკის შესახებ და განმარტა, რომ ქრისტიანულ ცხოვრებაში არსებობს როგორც მცნებების დაცვის აუცილებელი გზა, ასევე სრულყოფისკენ სწრაფვის განსაკუთრებული მოწოდება, რომელიც მონაზვნობაში განსაკუთრებულად ვლინდება.

პატრიარქის თქმით, ისტორიული წყაროების მიხედვით, ასურელი მამების საქართველოში ჩამოსვლამდე მონაზვნური ცხოვრების მხოლოდ ცალკეული კერები არსებობდა, ხოლო მათ სრულყოფილი სამონასტრო ტრადიცია დაამკვიდრეს, რამაც ქვეყნის სულიერ და კულტურულ განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

მან ასევე გაიხსენა გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ასურელი მამები საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების შემდეგ გამოემართნენ და მათი მისიის მნიშვნელობა იმ დროის ეკლესიისა და სამეფო ხელისუფლებისთვისაც ცნობილი იყო.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ილოცა საქართველოს, ეკლესიისა და მონაზვნობის გაძლიერებისთვის და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მონასტრის წინამძღვარს, მამა გაბრიელს.

„ვემუდაროთ ღირს ასურელ მამებს, დაიფარონ ჩვენი ქვეყანა — საქართველო, გაამთლიანონ და გააძლიერონ ჩვენი ეკლესია და საქართველოში მონაზვნობა კვლავ ააღორძინონ“, — აღნიშნა შიო III-მ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა — დაზიანებულია შლაგბაუმი და ჭიშკარი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ