საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს
სინოდის გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრება დღეს, 11 მაისს, თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, სადაც საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
სინოდმა 28 აპრილის სხდომაზე საპატრიარქო კანდიდატებად სამი მღვდელმთავარი გამოარჩია: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი).
გაფართოებული კრება 13:00 საათზე დაიწყება და მას საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან დაახლოებით 1 200 დელეგატი დაესწრება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სხდომას საზოგადოებრივი მაუწყებელი ნაწილობრივ პირდაპირ ეთერში გააშუქებს. მაყურებელი იხილავს კრების გახსნას, კენჭისყრის პროცესსა და საბოლოო შედეგების გამოცხადებას.
კრების ფარგლებში სიტყვით გამოვლენ საპატრიარქო კანდიდატები, ასევე თითო წარმომადგენელი მათი ეპარქიებიდან.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 20 ხმას მიიღებს. თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას ვერ დააგროვებს, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ორი ყველაზე მეტი ხმის მქონე კანდიდატი მიიღებს.
მისივე თქმით, ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის თარიღიც დღესვე გამოცხადდება, გადაწყვეტილებას კი არჩეული კანდიდატი მიიღებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ავრცელებს განმარტებას — მღვდელთმთავრების განსაკუთრებული შეხვედრა არ იგეგმება.