ხვალ საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება
გაფართოებული კრება 13:00 საათზე დაიწყება.
2026 წლის 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს ხვალ აირჩევს. გაფართოებული კრება, სამების საკათედრო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყება.
ეს ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
თუ გავითვალისწინებთ არსებულ პროცედურას, გაფართოებულ კრებაზე (რომელსაც ხშირად საეკლესიო კრებასაც უწოდებენ) გადაწყვეტილების მიღება ხდება წმინდა სინოდის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან. კრებაზე მოწვეულნი არიან არა მხოლოდ მღვდელმთავრები, არამედ სამღვდელოებისა და მრევლის წარმომადგენლებიც, რაც პროცესს განსაკუთრებულ ლეგიტიმაციას სძენს.
28 აპრილს, გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს.
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, რომელიც მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ 1995 წლის 18-19 სექტემბერს, დადგენილია პატრიარქის არჩევის წესი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდნენ.