ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკას მეუფე გერასიმე ეწვია
მიტროპოლიტმა გიორგობა მიულოცა კლინიკის თანამშრომლებს და დაათვალიერა ახალი ექოსკოპიის კაბინეტი, სადაც სასულიერო პირებისთვის გამოკვლევები უფასო იქნება.
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, შპს „ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკას“ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ეწვია.
მიტროპოლიტმა კლინიკის თანამშრომლებს გიორგობა მიულოცა, დალოცა ისინი და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. სტუმრობის ფარგლებში მეუფე გერასიმემ ასევე დაათვალიერა პოლიკლინიკის ექოსკოპიის კაბინეტი და მოისმინა ინფორმაცია იმ სამედიცინო კვლევების შესახებ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ზუსტი დიაგნოზის დასმაში დაეხმარება.
დაწესებულების ხელმძღვანელმა მეუფე გერასიმეს აცნობა, რომ პოლიკლინიკაში ჩატარებული ყველა ექოსკოპიური გამოკვლევა სასულიერო პირებისთვის უფასო იქნება.
კლინიკის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მეუფე გერასიმეს სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის. მათი განცხადებით, მიტროპოლიტის ვიზიტი განსაკუთრებული სიხარული და მოტივაციაა ახალი სამედიცინო მიმართულებების განვითარების პროცესში.
შპს „ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკა“ ქალაქში ერთადერთი დაწესებულებაა, რომელსაც ნახევარსაუკუნეზე მეტი ისტორია აქვს და მრავალი წელია გამოცდილი სამედიცინო პერსონალით ემსახურება ზუგდიდისა და რეგიონის აღსაზრდელ თაობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გიორგობის დღესასწაული შავნაბადაზე ეპისკოპოს იოანეს ხელმძღვანელობით აღინიშნა.