მღვდელ გიორგი ვაშალომიძეს თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა

2824
04 მაისი 21:24
20
წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გამართული დისერტაციის დაცვა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გამართული დისერტაციის დაცვა

თბილისის სასულიერო აკადემიაში დაცული ნაშრომი სახარებისეული მოვლენების იკონოგრაფიის თეოლოგიურ მნიშვნელობას ეხება.

2026 წლის 4 მაისს, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგმა, სემინარიის დეკანმა, მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სახარებისეული მოვლენების იკონოგრაფია და მათი საღვთისმეტყველო-სახისმეტყველებითი ასპექტები“.

ნაშრომი მომზადდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლეისტიკის კათედრაზე, ახალი აღთქმის მიმართულებით. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო დეკანოზი მიქაელ გალდავა — თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ხოლო ოფიციალურ რეცენზენტებად წარდგენილნი იყვნენ დეკანოზი ბიძინა გუნია და დეკანოზი იოანე ბონდარენკო.

სადისერტაციო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა საბჭოს თანათავმჯდომარე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. პროცესს წარმართავდა საბჭოს სწავლული მდივანი, დეკანოზი ბიძინა გუნია. სადისერტაციო კომისიის მუშაობას ხელმძღვანელობდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ხოლო კომისიის მდივანი იყო ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი მარიამ დიდებულიძე.

დაცვის პროცესს ესწრებოდნენ როგორც სასულიერო, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის — ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), დეკანოზი ირაკლი ახალაძე, პროფესორი ზაზა სხირტლაძე, ასევე თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.

სხდომა განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა, რადგან სიტყვით გამოსვლისას პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნათელ ხსოვნას და ხაზი გაუსვა მის განუზომელ ღვაწლს ქართული ეკლესიის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში. მისი თქმით, სწორედ პატრიარქის ძალისხმევის შედეგად ჩამოყალიბდა თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭო და დოქტორანტურა.

დისერტაციის წარდგენამდე მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ მადლიერება გამოხატა როგორც ახლად გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ, ასევე აკადემიის ხელმძღვანელობისა და სამეცნიერო ჯგუფისადმი. მან განსაკუთრებულად აღნიშნა სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის კურატორების მხარდაჭერა, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ნაშრომის სრულყოფაში.

ნაშრომის წარდგენისას დისერტანტმა წარმოაჩინა კვლევის აქტუალობა, სიახლეები და ძირითადი შედეგები. მისი თქმით, კვლევა პირველად სთავაზობს სამეცნიერო სივრცეს სახარებისეული მოვლენების ამსახველი იკონოგრაფიის სისტემურ ანალიზს საღვთისმეტყველო პერსპექტივიდან. დისერტაციაში დასაბუთებულია, რომ ხატმეტყველება არ არის მხოლოდ ესთეტიკური ან ისტორიული განხილვის საგანი, არამედ ეფუძნება თეოლოგიის, ეგზეგეტიკის, ლიტურგიკისა და ჰომილეტიკის ერთიანობას.

მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა „ვიზუალური ღვთისმეტყველების“ კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც იკონოგრაფია განიხილება, როგორც სრულფასოვანი თეოლოგიური დისციპლინა. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია ქართული ხატწერის ნიმუშები მათი ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსის კონტექსტში და წარმოჩენილია იკონოგრაფიის როლი ეკლესიის ისტორიაში, მათ შორის მწვალებლობებთან ბრძოლის პროცესში.

სამეცნიერო ხელმძღვანელმა და რეცენზენტებმა ნაშრომი დადებითად შეაფასეს და ხაზი გაუსვეს მის ინტერდისციპლინარულ მნიშვნელობას. გამართულ სამეცნიერო დისკუსიაში მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს დისერტაციის მაღალაკადემიური დონე, აქტუალობა და პრაქტიკული მნიშვნელობა.

საბოლოოდ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მღვდელ გიორგი ვაშალომიძეს ერთხმად მიენიჭა თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ავრცელებს განმარტებას — მღვდელთმთავრების განსაკუთრებული შეხვედრა არ იგეგმება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ