ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ხატწერის შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა
ლიის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა რელიგიური ხატწერის სულიერ და კულტურულ მნიშვნელობაზე იმსჯელეს და პრაქტიკული ნამუშევრები შექმნეს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული ლიის წმინდა გიორგის ტაძრის სამრევლო (საკვირაო) სკოლაში ჩატარდა ხელოვნების გაკვეთილი თემაზე — „რელიგიური ხატწერა“.
გაკვეთილი წარიმართა წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლიის საჯარო სკოლის IX, VI, XI და XII კლასის მოსწავლეებთან. სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა ხატმწერი და პედაგოგი ლელა ლაცუზბაია.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ხატწერის როგორც სულიერი და კულტურული ფენომენის გაცნობა, შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარება, ასევე ესთეტიკური ხედვისა და რელიგიური ხელოვნების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბება.
სასწავლო პროცესი სამ ძირითად ეტაპად წარიმართა. შესავალ ნაწილში მოსწავლეებმა იმსჯელეს ხატწერის მნიშვნელობაზე და გაეცნენ ვიზუალურ მასალას — ტრადიციულ ხატებს. გაიმართა მცირე დისკუსია, სადაც ახალგაზრდებმა საკუთარი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები გამოთქვეს.
გაკვეთილის ძირითად ეტაპზე მოსწავლეებმა პრაქტიკული სამუშაო შეასრულეს — შექმნეს მარტივი რელიგიური ხატები, მათ შორის ჯვრის, წმინდანებისა და ანგელოზის გამოსახულებები. მუშაობა მიმდინარეობდა როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, ხოლო პედაგოგი მათ პროცესის განმავლობაში უწევდა როგორც ტექნიკურ, ისე შემოქმედებით დახმარებას.
დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები, ისაუბრეს შესრულების პროცესსა და იდეებზე. გაიმართა ნამუშევრების შეფასება და ურთიერთუკუკავშირი, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი შთაბეჭდილებებიც გააზიარეს.
როგორც გაკვეთილის შედეგი აღინიშნა, მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს ხატწერის მნიშვნელობა, განივითარეს შემოქმედებითი უნარები და შეძლეს მარტივი რელიგიური ნამუშევრების შექმნა.
გაკვეთილმა ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოსწავლეთა სულიერი და ინტელექტუალური განვითარების მიმართულებით — ხელი შეუწყო ყურადღების, მოთმინებისა და შინაგანი სიმშვიდის ჩამოყალიბებას, ასევე კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას.
სწავლების პროცესი შესაბამისობაში იყო ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმის ხელოვნების მიმართულების მოთხოვნებთან და მოიცავდა კულტურული მემკვიდრეობის გააზრებას, შემოქმედებითი უნარების განვითარებას და კომუნიკაციის გაძლიერებას.
გაკვეთილის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში როგორც პროფესიული, ისე სულიერი ფასეულობების გაღრმავებას.
ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელია გიორგი ფიფია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მოხალისეთა ორგანიზაციამ ფახულანის პირველ საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა