მოხალისეთა ორგანიზაციამ ფახულანის პირველ საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ღონისძიებაზე მოსწავლეებს სამოქალაქო თავდაცვისა და მოხალისეობის პროგრამები გააცნეს, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობაც.
2026 წლის 15 აპრილს მოხალისეთა ორგანიზაციამ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ საინფორმაციო შეხვედრა გამართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის პირველ საჯარო სკოლაში.
ღონისძიების მასპინძელი იყო ქართულ-აფხაზური ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი, პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და რეგიონული კულტურულ-საგანმანათლებლო ჰაბის თანაპარტნიორი, აღმასრულებელი ხელმძღვანელი ქალბატონი ლანა ლაცუზბაია.
შეხვედრას მხარდაჭერა გაუწია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა გიორგი ფიფიამ.
ღონისძიების დასასრულს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის განათლებისა და კულტურის ცენტრისა და მასთან არსებული რეგიონული კულტურულ-საგანმანათლებლო ჰაბის წარმომადგენლებმა — ქალბატონმა ლანა ლაცუზბაიამ და ბატონმა გიორგი ფიფიამ — მოწვეულ საპატიო სტუმრებს საჩუქრები გადასცეს. ასევე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
შეხვედრას საპატიო სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ორგანიზაციის დირექტორი ედუარდ ჯიშკარიანი და საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ ჩიხლაძე.
ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციის სპიკერმა გიორგი გოდერძიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ორგანიზაციის საქმიანობისა და სასწავლო პროგრამების შესახებ, ხოლო თამარ საბაურმა ჩაატარა სამოქალაქო თავდაცვის საჩვენებელი ლექცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფახულანის, ჭალისა და ლიის თემის საჯარო სკოლების დირექტორები და მოხალისეთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
პრეზენტაციამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ გამოთქვეს სურვილი, ჩაერთონ მოხალისეთა მომზადების პროცესში და გაიარონ შესაბამისი კურსი გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში.
სკოლების ადმინისტრაციებმა დაადასტურეს მზადყოფნა ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით.
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ თვითგადარჩენა, საცეცხლე მომზადება, დრონების მართვა, პირველადი სამედიცინო დახმარება, საინჟინრო მომზადება, ტოპოგრაფია, კიბერუსაფრთხოება და სამოქალაქო თავდაცვა.
ცენტრის 2026 წლის სასწავლო სეზონი ოფიციალურად 4 მაისს გაიხსნება და 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, 18 აპრილი ოპტინის უდაბნოში მოკლული სამი ბერის ხსოვნის დღეა.