მიტროპოლიტი შიოს ქადაგება ბზობის დღესასწაულზე
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ გამოვლენილი ერთობა გაიხსენა და მორწმუნეებს სულიერი სიმტკიცისა და ღვთის ერთგულების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
დიდი მარხვის მეექვსე კვირას, ბზობის დღესასწაულზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სადღესასწაულო ქადაგებით მიმართა მრევლს, რომელშიც მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის სახარებისეულ ეპიზოდსა და ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, სახარების მიხედვით, იერუსალიმში ქრისტეს შესვლისას მთელი ქალაქი შეიძრა და ხალხი განსაკუთრებული სიხარულითა და აღტაცებით ეგებებოდა მას. ისინი გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსელს, ხეებიდან ჭრიდნენ რტოებს და ზეიმით შეჰღაღადებდნენ: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულ არს მომავალი უფლის სახელით!“. მისი თქმით, ამ მომენტში თითქოს მთელი ხალხი ერთიან სულიერ აღმავლობაში იყო და ქრისტეში ხედავდა მხსნელს, მკურნალსა და სასწაულთმოქმედს.
მიტროპოლიტმა შიომ განმარტა, რომ მსგავსი სულიერი „გამონათება“ შეიძლება მოხდეს ყოველი ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც განსაკუთრებულად ცხადი ხდება ღმერთის არსებობა, სამყაროს სიბრძნე და ღვთის სიტყვების ჭეშმარიტება. მისივე თქმით, ასეთი მდგომარეობა ხშირად იბადება როგორც სიხარულის, ისე განსაცდელის, წარმატებისა თუ წარუმატებლობის დროს, როდესაც ადამიანი მადლიერებით მიმართავს ღმერთს.
ქადაგებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის ბუნების მერყეობას. მიტროპოლიტმა შეახსენა მორწმუნეებს, რომ იერუსალიმში საზეიმო დახვედრიდან სულ რამდენიმე დღეში ვითარება მკვეთრად შეიცვალა — იუდამ ქრისტეს უღალატა, მოწაფეებმა მიატოვეს, ხოლო ბრბომ მისი ჯვარცმა მოითხოვა. მისი თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რამდენად ცვალებადია ადამიანის განწყობა და რამდენად ადვილად შეიძლება სულიერი აღმავლობის დაკარგვა.
მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა, რომ მსგავსი მდგომარეობა თანამედროვე ცხოვრებაშიც ხშირად გვხვდება — ადამიანები არ ყვირიან „ჯვარს აცვი“, თუმცა ხშირად ავიწყდებათ ღმერთი, შორდებიან მას და საკუთარი ქმედებებით, ცოდვითა და უსამართლობით კვლავ და კვლავ განასახიერებენ ამ ღალატს.
ქადაგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ გაიხსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომი დღეები. მისი თქმით, ამ პერიოდში საზოგადოებაში გამოვლენილი ერთობა, სიყვარული და თანაგრძნობა მხოლოდ პატრიარქისადმი პატივისცემით არ შემოიფარგლებოდა.
მისი შეფასებით, ეს იყო ღვთის, ეკლესიისა და სამშობლოსადმი ერთგულების განსაკუთრებული გამოვლენა, იმ ღირებულებებისადმი ერთობა, რომელთაც ილია II მთელი ცხოვრება ემსახურებოდა. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ საერთო სულიერმა მუხტმა და სიყვარულმა მისცა საზოგადოებას ძალა მძიმე დანაკლისის გადასატანად.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მორწმუნეებს მოუწოდა, არ დაკარგონ ეს სულიერი აღმავლობა და არ დაუშვან, რომ მათ გულებში ბოროტებამ, ცოდვამ და მანკიერებებმა დაიკავოს ადგილი. მისი თქმით, ბზობის დღესასწაული უნდა იქცეს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ქრისტეს მიღებისა და მასთან ერთგულების დასაწყისად.
ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ კიდევ ერთხელ მიულოცა მორწმუნეებს ბზობის დღესასწაული და უსურვა, რომ ღმერთმა მისცეთ სიხარული, სიმტკიცე და მადლი, რათა შეძლონ ამ სულიერი მდგომარეობის შენარჩუნება და განტკიცება. მან აღნიშნა, რომ ერთობა, სიყვარული და ღვთისადმი ერთგულება არის ერის სიძლიერისა და გადარჩენის მთავარი საფუძველი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლოცვა, რომელსაც ლაზარეს შაბათს ვკითხულობთ.