მეუფე იაკობი: „პატრიარქის არჩევა სულიწმიდით ხდება — ძალიან კარგი პატრიარქი გვეყოლება“

2824
30 მარტი 20:50
26
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. ფოტო: ფეისბუქ გვერდი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. ფოტო: ფეისბუქ გვერდი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სინოდის ერთობაზე, შესაძლო ჩარევებზე და ქვეყანაში არსებულ „მძიმე პერიოდზე“ ქადაგებისას ისაუბრა.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დღევანდელი ქადაგებისას პატრიარქის არჩევის საკითხზე მიმდინარე განხილვებსა და საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ბევრი ვნებათაღელვაა, დაბნეულია ერი და ლაპარაკი მიდის იმაზე, თუ ვინ იქნება პატრიარქი, როგორ იქნება“, თუმცა მთავარი ეს არ არის.

მეუფე იაკობმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პატრიარქს გამოვირჩევთ და ღირსეული იქნება ვისაც გამოვირჩევთ, აქ მთავარი არის ის, რომ ზოგი ამბობდა ამას დაუჭირეთ მხარი, იმას დაუჭირეთ“, რაც, მისი შეფასებით, ქრისტიანული მიდგომა არ არის. „მოდი ჩავთვალოთ, რომ დაბნეულები რომ ვიყავით, იმიტომ ვამბობდით მაგას, თორემ ქრისტიანმა ადამიანმა რომ მაგი დაიწყოს - ეს აირჩიეთ, ის აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ ქრისტესგან დაშორებულია. არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება. მეც ვერ ვეტყვი ეპისკოპოსს, არ ვკადრებ, ღმერთს არ ვკადრებ იმას, რომ ამას დაუჭირეთ მხარი, იმას დაუჭირეთ“, — განაცხადა მან.

მთავარეპისკოპოსის თქმით, მნიშვნელოვანია სინოდის ერთიანობა და პასუხისმგებლობა: „ვიცი მე, ვინც უნდა ავირჩიო. განა არ ვიცი?!... დღეს მთავარია სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა გამოვირჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ვაკეთოთ ერთი საქმე“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ის კი არ არის მთავარი ვინ იქნება იმიტომ, რომ ჩვენს პატრიარქზე დიდი, ვინც არ უნდა იყოს, მთელი სინოდი რომ აგვიღოთ, იმის ფასი არ ვართ, მაგრამ ძალიან ძლიერი სინოდი დაგვტოვა და უწმინდესმა რა საქმეც დაიწყო, ბოლომდე მისაყვანი გვაქვს“.

მეუფე იაკობმა ასევე გამორიცხა გარე ჩარევის შესაძლებლობა: „ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია.... არავის არ მივცემთ საშუალებას რომ ჩაერიოს“. მისივე თქმით, სასულიერო პირებს პირადი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს: „სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები, ვინმეს გარედან თუ შეწუხება დაუწყეს, მითხრან და არავის არ დავინდობ გარეთ რა... არ ინერვიულოთ, ძალიან კარგი პატრიარქი გვეყოლება“.

ქადაგების მეორე ნაწილში მეუფე იაკობმა სინოდის წევრებს შორის ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გააკრიტიკა გავრცელებული ინფორმაცია: „სინოდის თითოეულ წევრს ვეუბნები: ჩვენში არ შეიძლება დაძაბულობა, ტელევიზიებში ათასს სისულელეს ვუყურეთ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ აინტერესებს სუსი_ს ფაილები და შესაძლო მოსმენები: „არც სუსი-ს ფაილები მაინტერესებს და არც ვინც გვისმენს. ვინც გვისმენს, იმასაც მოვკიდებ ხელს, გვარებიც ვიცით, ყველაფერი ვიცით“. მისი თქმით, „ფაილებში, შესაძლოა 95% სიმართლე თქვან და სასულეებიც ბრძანონ“, თუმცა ეკლესიას „არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ“.

მეუფე იაკობმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მდგომარეობაზე და საგარეო გამოწვევებზე: „ჩვენი სახელმწიფოს საგარეო მიმართულებაზე ვსაუბრობ.... ვისაც ჩვენთვის სიკეთე არ უნდა, ფრთხილად იყვნენ ჩვენთან. ჩვენთან არს ღმერთი“.

დასასრულს მან მორწმუნეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა: „ჩვენ ერთმანეთიც უნდა გვიყვარდეს და მტერიც, მაგრამ ქრისტეს და ჩვენი ქვეყნის მტერი ვერ გვეყვარება, ეს ყველამ იცოდეს. არაფრის შეგეშინდეთ, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ მძიმედ გავდივართ ამ პერიოდს“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ვინ არის მიტროპოლიტი შიო?

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ