საქართველოში კინომემკვიდრეობის მასშტაბური გაციფრულება იწყება
მემორანდუმის ფარგლებში 30 000-მდე კინომასალის აღდგენა და ერთიან ციფრულ პლატფორმაზე განთავსება იგეგმება.
2026 წლის 27 მარტს, ეროვნული კინომემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, სს „ქართულ ფილმსა“ და შპს „ქართულ კინო დისტრიბუციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ, სს „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ხათუნა ხუნდაძემ, შპს „ქართული კინო დისტრიბუციის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ალექსანდრე გვარიშვილმა და კომპანიის დირექტორმა ოთარ ლითანიშვილმა.
თანამშრომლობის ფარგლებში, ეტაპობრივად განხორციელდება ქართული კინომემკვიდრეობის მასშტაბური აღდგენა და გაციფრულება, რის შემდეგაც მასალები ერთიან ციფრულ პლატფორმაზე განთავსდება.
პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 3 500 მხატვრული ფილმისა და 27 000-მდე დოკუმენტური და საარქივო მასალის გაციფრულებას. განსაკუთრებული მნიშვნელობის კინომასალა აღდგება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც მათ გრძელვადიან დაცვასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ არქივში დაცული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე არ არის გაციფრულებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი ერთადერთი ეგზემპლარია და ფიზიკური დაზიანების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება.
ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას, მათ შორის საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის წამყვანი კინოარქივების პრაქტიკას, რაც უზრუნველყოფს როგორც კინომემკვიდრეობის ხელმისაწვდომობას, ასევე ლიცენზირების, საავტორო უფლებების დაცვისა და მასალების ეფექტიან სისტემატიზაციას.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებას, ასევე ეროვნული კინომემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა შიომ სიონში ქადაგებისას სინანულისა და სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.