სალომე ზურაბიშვილი: „დიდი იმედი მაქვს, ილია მეორე ერთობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება“
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, მიუხედავად საშვის არქონისა, სიონის ტაძრის წინ იმყოფებოდა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, TV პირველთან საუბარში აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ილია მეორე ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში ერთობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მისი თქმით, პატრიარქის დაკრძალვის დღეს არსებული ერთობა ყველასთვის მისაღები არ არის, თუმცა აუცილებელია მისი დაცვა და შენარჩუნება.
„დიდი იმედი მაქვს, ილია მეორე ძალიან მძიმე დროს დაგვეხმარება იმაში, რომ ერთობას, რომელიც დღეს შედგა, რომელიც ბევრს არ მოსწონს და არ უნდა, შევინარჩუნებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე უშუალოდ დასწრება ვერ შეძლო, რადგან შესაბამისი კომუნიკაცია და საშვი არ ჰქონია.
„არ მქონდა კომუნიკაცია, არანაირი საშვი. რომ მქონოდა, ვიქნებოდი იქ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ვიყავი სიონის წინ და მე ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო პატრიარქისადმი პატივის მიგება, რაც სიონის ტაძრის წინ ყოფნითაც შეძლო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის ტაძარში ილია II-ის საფლავზე მისვლა 23 მარტიდან იქნება შესაძლებელი.