კონსტანტინე გამსახურდიამ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია და წიგნის მუზეუმის მნიშვნელობა მიმოიხილა.
2026 წლის 19 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია წაიკითხა ისტორიის დოქტორმა, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ. მოხსენების თემა იყო „წიგნის ბეჭდვის ტრადიცია და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი.“
ლექციის შესავალ ნაწილში სტუმარმა განიხილა „წიგნის“ ცნება, როგორც არა მხოლოდ ტექსტის მატარებელი, არამედ ფიზიკური, კულტურული და შემეცნებითი მნიშვნელობის მქონე ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოდნის გადაცემის, ადამიანური გამოცდილების ფორმირებისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების პროცესში.
ისტორიული მიმოხილვისას კონსტანტინე გამსახურდიამ ყურადღება გაამახვილა XV საუკუნეში გერმანიის ქალაქ მაინცში მიმდინარე მოვლენებზე და იოჰანეს გუტენბერგის საქმიანობაზე, რომელმაც მოძრავი ლითონის ასოების, სპეციალური მელნისა და საბეჭდი პრესის გამოყენებით საფუძველი ჩაუყარა წიგნის ბეჭდვის რევოლუციურ განვითარებას. მისივე თქმით, აღნიშნულმა სიახლემ მნიშვნელოვნად დააჩქარა ცოდნის გავრცელება და გავლენა მოახდინა ევროპული ცივილიზაციის განვითარებაზე.
მომხსენებელმა მსმენელებს ასევე გააცნო ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია. აღინიშნა, რომ პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი 1629 წელს რომში გამოიცა და იგი სტეფანე პაოლინის მიერ შედგენილ ქართულ-იტალიურ ლექსიკონს წარმოადგენდა, რომლის გამოცემა თეიმურაზ I-ის ელჩის, ნიკიფორე ირბახის (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის) მხარდაჭერით განხორციელდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეფე არჩილ II-ისა და მისი შთამომავლების ღვაწლს, ხოლო ვახტანგ VI-ის მიერ თბილისში 1708–1709 წლებში დაარსებული სტამბა ქართული ბეჭდვითი საქმის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად შეფასდა.
ლექციის დასკვნით ნაწილში კონსტანტინე გამსახურდიამ ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ჩამოყალიბების ისტორიასა და მნიშვნელობაზე. მან ასევე აღნიშნა ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკის განსაკუთრებული როლი ქართული წიგნიერების განვითარებაში.
სტუმარმა მადლობა გადაუხადა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მოწვევისთვის და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სასწავლებლის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ.
თავის მხრივ, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლობა გადაუხადა კონსტანტინე გამსახურდიას საინტერესო და შინაარსიანი ლექციისთვის, ასევე ხაზგასმით აღნიშნა მისი წინაპრების მნიშვნელოვანი ღვაწლი საქართველოს წინაშე.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ზუგდიდში მირქმის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა.