ხუთვარსკვლავიანი ტურისტული პროექტი სინას მონასტრის იერსახეს ცვლის

2824
04 თებერვალი 22:43
16
წმინდა ეკატერინეს მონასტერი. ფოტო: romfea წმინდა ეკატერინეს მონასტერი. ფოტო: romfea

ფრანგული „Libération“ წმინდა ეკატერინეს მონასტრის ავტონომიისა და ისტორიული გარემოს შესაძლო საფრთხეებზე წერს.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „Libération“-ი სინას მთაზე მდებარე წმინდა ეკატერინეს ისტორიული მართლმადიდებლური მონასტრის მომავალს კრიტიკულ კონტექსტში განიხილავს და მას თითქმის გარდაუვალი ცვლილებების წინაშე მდგომ სიწმინდედ წარმოაჩენს.

გამოცემის ვრცელ რეპორტაჟში ყურადღება გამახვილებულია ეგვიპტის მთავრობის მიერ სინას ნახევარკუნძულზე, მოსეს მთის ძირში მიმდინარე „გიგანტურ ტურისტულ პროექტზე“, რომელიც, ავტორთა შეფასებით, საფრთხეს უქმნის როგორც ბედუინების ტრადიციულ ცხოვრების წესს, ისე იმ უნიკალური სამონასტრო სავანის ავტონომიას, სადაც ბიბლიური „მაყვლის ბუჩქი“ მდებარეობს.

საეკლესიო წყაროების ცნობით, სინას მონასტრის საძმო მძიმე მდგომარეობაშია. ამჟამად მონასტერში მხოლოდ შვიდი ბერი იმყოფება, ხოლო დანარჩენები, რომლებიც ათენში ყოფილ მთავარეპისკოპოს დამიანეს გაჰყვნენ, ეგვიპტეში დაბრუნებას თავს არიდებენ. მათი განცხადებით, მონასტერში დარჩენილმა ძმებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელები არ გააუქმეს, რის გამოც დაბრუნების შემთხვევაში დაკავების საფრთხე არსებობს.

დაძაბულობას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ბერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი მთავარეპისკოპოსის — სვიმეონ პაპადოპულოსის მიმართ, რომელიც დროის დიდ ნაწილს ათენსა და პირეოსში ატარებს. გავრცელებული ინფორმაციით, მონასტერში საჭურჭლისმცველის (სკევოფილაქსის) მოვალეობასაც კი ადგილობრივი ბედუინი ასრულებს.

ამასთან, ეგვიპტის ხელისუფლებას ჯერ არ გამოუცია საპრეზიდენტო განკარგულება ახალი მთავარეპისკოპოსის ოფიციალური აღიარების შესახებ. დაუდასტურებელი ცნობებით, ბერებს ვიზებს ყოველთვიურად უგრძელებენ, რაც მათ მუდმივი დეპორტაციის შიშის ქვეშ აყენებს.

დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, საბერძნეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზე სინას მონასტრის საკითხი განხილული იყო და მხარეებმა „საერთო ურთიერთგაგებას“ მიაღწიეს. თუმცა მონასტრის სტატუსისა და უძრავი ქონების გამოყენებასთან დაკავშირებული საბოლოო სამართლებრივი დეტალები ეგვიპტის მთავრობასა და მონასტრის საძმოს შორის უნდა შეთანხმდეს.

„Libération“-ის შეფასებით, „წმინდა მთის დუმილს დღეს ბულდოზერების ხმაური არღვევს“. პროექტი „დიდი ფერისცვალების“ ფარგლებში ითვალისწინებს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, კერძო კოტეჯების, ვიზიტორთა მასშტაბური ცენტრის, აეროპორტისა და მოსეს მთაზე საბაგირო გზის მშენებლობას.

საგულისხმოა, რომ ახალი მთავარეპისკოპოსი სვიმეონ პაპადოპულოსი პროექტს დადებითად აფასებს. ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში მან უარყო მიწების ნაციონალიზაციის შესახებ გავრცელებული შიშები და აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარება რეგიონს „გამოცოცხლების“ შესაძლებლობას მისცემს.

სტატიის თანახმად, მონასტრის ირგვლივ არსებული დუმილი ნაწილობრივ უკავშირდება საბერძნეთსა და ეგვიპტეს შორის არსებულ სტრატეგიულ პოლიტიკურ და ენერგეტიკულ ინტერესებს, რომლებმაც გავლენა მოახდინა როგორც მოლაპარაკებებზე, ისე მთავარეპისკოპოსის არჩევის პროცესზე. მიუხედავად წარსულში არსებული მწვავე დაპირისპირებისა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს სამონასტრო კომპლექსისა და წმინდა ადგილების სტატუსის ხელშეუხებლობის თაობაზე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, „ემპათია ადამიანებს შორის“ — ვიდეორგოლების კონკურსის ფინალი საქართველოს კინოაკადემიაში გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ