ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია დაკავებული მაღაროელების განაჩენზე განცხადებას ავრცელებს
ეპარქია მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი შესაძლოა უფრო მსუბუქი ყოფილიყო და ჰუმანურ მიდგომას ითხოვს.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია განცხადებით ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ჭიათურისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის მეტად მტკივნეული აღმოჩნდა.
განცხადებაში ეპარქია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, თუმცა არსებული გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ შესაძლებელი იყო უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა. ეპარქიის შეფასებით, მომხდარი ინციდენტი არ წარმოადგენდა წინასწარ დაგეგმილ ქმედებას და იგი მრავალთვიანი გაფიცვის შედეგად დაგროვილი დაძაბულობის ფონზე განვითარებული აფექტის შედეგი იყო.
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია იმედს გამოთქვამს, რომ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება სასჯელის შემსუბუქება და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სამღვდელოებისა და მრევლის პოზიცია და გამოიჩინონ ჰუმანური დამოკიდებულება გასამართლებული მაღაროელების მიმართ.
ცნობისთვის, 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ოთხი ჭიათურელი მაღაროელი დამნაშავედ ცნო. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს 6 წელი და 3 თვე, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურა მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს — ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილეობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, სასამართლომ მიტროპოლიტი არსენი კიდევ 60 დღით დატოვა საპატიმროში.