მართლმადიდებელი ეკლესია 9 იანვარს წმიდა მოციქულს, პირველმოწამესა და მთავარდიაკონ სტეფანეს იხსენებს
წმიდა სტეფანე ქრისტესთვის თავდადებული პირველი მოწამე იყო, რომელმაც სიცოცხლე რწმენისა და სიყვარულის მაგალითით დაასრულა.
მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 9 იანვარს წმიდა მოციქულის, პირველმოწამისა და მთავარდიაკონ სტეფანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. იგი ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში პირველი მოწამეა, რომელმაც უფლის სახელისათვის სიცოცხლე გასწირა.
იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, მოციქულთა ქადაგებით ქრისტიანული სარწმუნოება სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. თემის ყოფითი საჭიროებების მოსაგვარებლად მოციქულებმა შვიდი დიაკვანი გამოარჩიეს, რომელთაგანაც წმიდა სტეფანე, „კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა“, მთავარდიაკონად აკურთხეს.
წმიდა სტეფანე იერუსალიმში ღვთის სიტყვის ქადაგებითა და სასწაულებით მრავალი ადამიანის მოქცევას უწყობდა ხელს. მისმა მხილებამ იუდეველთა აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც იგი სინედრიონის წინაშე ცრუ ბრალდებით წარდგა. ქადაგებისას წმიდანმა ამხილა წინასწარმეტყველთა დევნა და ქრისტეს ჯვარცმა, რის შემდეგაც მან იხილა უფლის დიდება და იესო ქრისტე, მდგომარე მარჯვენით ღმრთისა.
ამ სიტყვების გამო წმიდა სტეფანე ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვებით ჩაქოლეს. მოწამეობის ჟამს იგი ლოცულობდა თავისი მტრებისთვის და უკანასკნელად წარმოთქვა: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“. წმიდა სტეფანე დაახლოებით ოცდაათი წლისა აღესრულა.
წმიდანის ცხედარი ფარულად დაკრძალეს, ხოლო 415 წელს საღვთო გამოცხადების შემდეგ აღმოყვანილი იქნა მისი უხრწნელი ნაწილები, რომლებიც იერუსალიმში, სიონის ტაძარში გადააბრძანეს. წმიდა სტეფანე პირველმოწამის ღვაწლი ქრისტიანთათვის რწმენის, მოთმინებისა და სიყვარულის მარადიულ მაგალითად რჩება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში გაიმართა — მონაწილეებს საშობაო ნობათები გადაეცათ.