ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საშობაო ქადაგება
მეუფე გრიგოლმა ქრისტეს შობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
2026 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სამწყსოს ტრადიციული საშობაო ქადაგებით მიმართა.
მეუფემ მორწმუნეებს უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს წმიდა და დიდებული შობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ბეთლემის გამოქვაბულში განკაცებული მაცხოვარი კაცობრიობის ხსნისა და ახალი ცხოვრების დასაწყისის სიმბოლოა. მისი თქმით, ქრისტეს შობა სამყაროს ახალ დროს აუწყებს და ადამიანებს ძველი კაცისგან განშორებისა და „ახალი კაცის“ შემოსვისკენ მოუწოდებს.
საშობაო გზავნილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიყვარულს ღმრთისა და მოყვასისადმი, როგორც ქრისტიანული ცხოვრების საფუძველს. მიტროპოლიტმა გრიგოლმა აღნიშნა, რომ ბეთლემიდან მომდინარე მადლი დღესაც ანუგეშებს და იმედს აძლევს მათ, ვინც ომის, სიღარიბის, ავადმყოფობისა და სხვადასხვა განსაცდელის წინაშე დგას.
მეუფემ საზოგადოებას მოუწოდა შინაგანი განახლებისკენ, სიცრუისა და ბოროტი ჩვევების დაძლევისკენ და სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ერთგულებისკენ, რაც, მისი თქმით, აუცილებელი წინაპირობაა როგორც პიროვნული, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.
საშობაო გზავნილის დასასრულს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა კიდევ ერთხელ მიულოცა სამწყსოს ქრისტეს შობა და მიმართა სიტყვებით:
„გჯეროდეთ, გწამდეთ, ჩვენთან არს ღმერთი!“
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა თბილისში გაიმართა — მონაწილეებს საშობაო ნობათები გადაეცათ.