1988 წლის 3 იანვარს სამთავროს მონასტერში ბერად აღიკვეცა ელგუჯა აქიაშვილი
ბერად აღკვეცა აღასრულა წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ბერად არკვეცის 38 წლისთავს ულოცავს რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელთმთავარს, მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი). მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) — მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი, დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონ სოფელ სნოში. აქიაშვილთა გვარი ღუდუშაურთა განთქმული საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოებაა. იგი ბავშვობიდანვე ეზიარა ქრისტიანული სარწმუნოების მადლს, ოჯახი ღვთისმოშიში და მორწმუნე იყო.
1988 წლის 3 იანვარს სამთავროში ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) შეასრულა მისი ბერად კურთხევის წესი, სახელდებით იობი. იმავე წლის 19 იანვარს ნათლისღებას, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 28 მარტს მღვდლად. 1988 წლის 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრად. 1989 წლის ზაფხულში მონაწილეობა მიიღო მისიონერულ მოგზაურობაში, რომელიც მოეწყო აჭარაში. 1989 წლის 3 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, ამავე წლის ოქტომბერში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილი იქნა აჭარაში, სხალთის ახალ-გახსნილ მამათა მონასტერში, სადაც ერთი წელი დაჰყო. 1990 წლის 28 აგვისტოს ვარძიაში უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
1990 წლის სექტემბერში გადაიყვანეს აფხაზეთში კომანის მონასტერში. იმავე წლის ზაფხულში დაინიშნა საპატრიარქოს ახლადჩამოყალიბებული სოფლის-მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად მარტყოფის ღვთაების მონასტერში — წინამძღვრად. 1992 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 17 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის და წმინდა სინოდის წევრთა ხელდასხმით მოხდა ეპისკოპოსად კურთხევა, ხოლო სექტემბრის თვეში დაინიშნა თბილისის სემინარიისა და აკადემიის პრორექტორად სტუდენტთა აღმზრდელობით დარგში. 1992 წლის 28 დეკემბერს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მმართველად და პატრიარქის ბრძანებით დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. 1995 წლის გაზაფხულზე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ დაინიშნა ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მმართველად. 1996 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად, იმავდროულად ინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს — მიტროპოლიტის ხარისხში. კათედრა ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია ხაშურში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების ტაძრის ეზოში პატრიარქის აღსაყდრების 48-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.