სამების ტაძრის ეზოში პატრიარქის აღსაყდრების 48-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის საახალწლო გარემოს შექმნასა და მათი სურვილების შესრულებას.
28 დეკემბერს, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დიდი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების 48-ე წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო გაერთიანება „დავითიანნების“ მიერ, ქალაქ თბილისის 30-მდე სკოლის „ლიდერთა კლუბის“ წევრი 500-ზე მეტი მოსწავლე-ახალგაზრდის მონაწილეობით.
დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვას, მოესმინათ ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, მონაწილეობა მიეღოთ ნაძვის ხის ანთების ცერემონიასა და თოვლის პაპის სადღესასწაულო პროგრამაში.
გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ ფონდი „საფარველის“ წევრები.
საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთვის საახალწლო გარემოს შექმნასა და მათი სურვილების ასრულებას.
ღონისძიება იქცა ერთიანობის, სიკეთისა და თანადგომის ნათელ მაგალითად, როცა ერი და ბერი საერთო კეთილი მიზნის გარშემო გაერთიანდა.
ღონისძიება ისნის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „დავითიანნი“ სწავლების ახალ მეთოდზე გადადის.