ინტრონიზაციის 48-ე წელი
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ულოცავს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ინტრონიზაციის 48-ე წელს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს. საქართველოს პატრიარქს მოღვაწეობა ურთულეს პერიოდში მოუხდა და მან განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში შედგა.
2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.
ილია II-მ დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია 1960 წელს. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.[1]
1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად; ილია II-ის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები, ბროშურები, წიგნები, ჟურნალები, სამი სახის კალენდარი; დაარსდა გაზეთები; 1988 წელს ილია II-ის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოიტანეს თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები.
ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ნათლისღება დაიგეგმა. ეს იდეა ილია II-მ ჯერ კიდევ 2007 წელს გააჟღერა, რაც ყოველი მესამე და შემდგომი შვილის პატრიარქის მიერ მონათვლას ითვალისწინებდა, ხოლო პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე შედგა.[16]
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება.
2017 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საღმრთო ლიტურღია აღავლინა. მის დაწყებამდე პატრიარქმა საზოგადოებისა და წმინდა სინოდის წევრთათვის მოულოდნელად წაიკითხა მისივე ხელით და პირადი ბეჭდით დამოწმებული ბრძანება, რის საფუძველზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დაადგინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მილოცვა ილია II-ს აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავთან დაკავშირებით.