საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები პრეზენტაციას დაესწრნენ
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სოციალური პროექტის განახლებული კონცეფცია და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მხარდამჭერი პროგრამები.
ამა წლის 24 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ გიორგი სარჯველაძესთან ერთად, ორგანიზაცია „ახალგაზრდული სახლის“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას წარედგინა სოციალური პროექტის განახლებული კონცეფცია, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: დღის ცენტრს სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი 14–18 წლამდე მოზარდებისთვის, ერთწლიან პროგრამას სისტემიდან გასული სრულწლოვნებისთვის და გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამას.
პრეზენტაციასთან ერთად გამოიფინა პროგრამების ფარგლებში ხის, მინისა და სხვა სახელოსნოებში შექმნილი ნამუშევრები. ასევე აღინიშნა, რომ ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ღირებულებითი განათლების კლუბი. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ცენტრის განვითარებას მისი შესაძლებლობების ფარგლებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ახალგაზრდული სახლი“ 2017 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით შეიქმნა. პროექტის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი და სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი პროფესიული უნარების განვითარება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, რაც მომავალში მათ დასაქმებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.