კასპში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა
ღონისძიებას გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია უძღვებოდა და მასში ორი ეპარქიის სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.
2025 წლის 13 დეკემბერს, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის კასპის საკათედრო ტაძარში.
სადღესასწაულო ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღეს სამთავისისა და კასპის, ასევე გორისა და ატენის ეპარქიების სასულიერო დასის წარმომადგენლებმა. მსახურების განმავლობაში მორწმუნეებმა ერთობლივად ილოცეს საქართველოსთვის, ეკლესიისა და ერის კეთილდღეობისთვის.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ანდრიამ შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებაში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სულიერ და ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათ ღვაწლსა და მაგალითზე, რომელიც ქართველ ხალხს დღემდე ერთგულებისა და სარწმუნოების სიმტკიცისკენ მოუწოდებს.
ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მეუფე შიო : შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ერს ერგო ამდენი განსაცდელი.