მართლმადიდებელი ეკლესია 15 დეკემბერს წმინდა ისე წილკნელს იხსენებს
წმინდა ისე წილკნელი იოანე ზედაზნელის მოწაფე და საქართველოს ჩრდილო მთიანეთის განმაქრისტიანებელი იყო.
15 დეკემბერს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირს წმინდა ისე წილკნელს იხსენებს — იოანე ზედაზნელის ერთ-ერთ მოწაფესა და თანამოღვაწეს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში.
წმინდა ისე ერთხანს ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, მოგვიანებით კი წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა. სხვა ასურელ მამათა მსგავსად, მან საქართველოში გააჩაღა სამონასტრო და საგანმანათლებლო საქმიანობა. სამწყსოს მოვლა-პატრონობის პარალელურად, წმინდა ისე აქტიურ მისიონერულ მოღვაწეობასაც ეწეოდა და ქრისტიანობის ქადაგებით მივიდა იმ მხარეებში, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ კერპთმსახურებას მისდევდა.
წმინდა გადმოცემის თანახმად, მან „იწყო სწავლად და წურთად სამწყსოთა თვისთა და მიჰმართა ჩრდილოით კერძო“, სადაც ქრისტიანობა ჯერ არ იყო დამკვიდრებული. მისი ქადაგებითა და ღვაწლით საქართველოს ჩრდილო მთიანეთის მრავალი მკვიდრი მოექცა ქრისტიანობაზე.
წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა ისე, მიუხედავად თავმდაბლობისა და წინააღმდეგობისა, ევლავიოს კათალიკოსმა მღვდელმთავრად აკურთხა. მას არ სურდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, თუმცა კათალიკოსისა და წმინდა იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევას ვერ აღუდგა წინ.
ეპისკოპოსობის პერიოდში წმინდა ისე დაუღალავად დადიოდა ადგილიდან ადგილას, ქადაგებდა სახარებას, კურნავდა სნეულთ და მრავალ სასწაულს აღასრულებდა. მოგვიანებით კვლავ გაემართა ჩრდილოეთის მთებისაკენ, სადაც წარმართული კერპები დაამხო, მრავალი ადამიანი მონათლა, დიაკვნები და მღვდლები დაადგინა, შემდეგ კი საკუთარ საყდარს — წილკანს დაუბრუნდა და იყო თავისი მრევლისათვის, როგორც „მწყემსი კეთილი“.
წმინდა ისე წილკნელის ცხოვრება აღწერილია კათალიკოს ბესარიონ ორბელიშვილის მიერ, ხოლო უფრო ძველი ცნობები მის შესახებ შიო მღვიმელის X საუკუნის „ცხოვრებაშია“ დაცული.
ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, მეუფე შიო : შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ერს ერგო ამდენი განსაცდელი.