გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — საქართველოს სამეფო კარის ვაზირი

2826
15:42
2
წმინდა გიორგი ჭყონდიდელი და წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. ფოტო: მჟკ წმინდა გიორგი ჭყონდიდელი და წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. ფოტო: მჟკ

„კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი, სვიანი და ფრთხილი“- დავით აღმაშენებლის მემატიანე მას ასე ახასიათებს.

25 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა მღვდელმთავარ ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს. ის იყო XII საუკუნის დასაწყისის საქართველოს სამეფოს უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, რეფორმატორი, მეფე დავით IV აღმაშენებლის აღმზრდელი, უახლოესი თანამებრძოლი და ქვეყნის პირველი ვეზირი.
მისი ავტორიტეტი იმდენად განუზომელი იყო, რომ დავით აღმაშენებელმა მას, საქართველოს ისტორიაში ერთადერთს, უნიკალური უფლება მისცა. ისტორიული ძეგლი „ხელმწიფის კარის გარიგება“ ადასტურებს, რომ გიორგი იყო სამი უდიდესი ეპარქიის მმართველი ერთდროულად: ჭყონდიდის (სამეგრელო), ბედიის (აფხაზეთი) და ალავერდის (კახეთი). ეს ნიშნავდა, რომ მას ხელთ ეპყრა მთელი გაერთიანებული საქართველოს — დასავლეთის, ცენტრალურისა და აღმოსავლეთის — სულიერი სადავეები!
გიორგი ჭყონდიდელი დაიბადა XI საუკუნის მეორე ნახევარში. ისტორიკოსთა მყარი ვარაუდით, იგი სამეგრელოს მთავართა (გეგეჭკორთა/დადიანთა წინაპრების) საგვარეულოდან იყო. ის თავდაპირველად ჭყონდიდის (მარტვილის) ეპისკოპოსი გახლდათ — ეს კათედრა იმ პერიოდში დასავლეთ საქართველოში უდიდესი გავლენით სარგებლობდა.
ამ თემაზე გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე — მეფე დავით აღმაშენებლის მარჯვენა ხელი
25 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესს — დიდ მოღვაწეს, სახელმწიფოებრივ და სულიერ ლიდერს, რომელმაც დავით აღმაშენებლის გვერდით უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს ძლიერებაში.
1104(1105) წელს, რუის-ურბნისის ისტორიულ საეკლესიო კრებაზე, მას ოფიციალურად უწოდეს „კრების თვალი“ — ის იყო უდიდესი სულიერი რეფორმის სულისჩამდგმელი. დავითმა მას უმაღლესი საერო თანამდებობაც ჩააბარა (მწიგნობართუხუცესობა) და ის გახდა ქვეყნის პირველი ვეზირი და „სააჯო კარის“ (უმაღლესი სასამართლოს) ხელმძღვანელი. ხალხმა მას „ობოლთა და ქვრივთა ხელისმპყრობელი“ შეარქვა, რადგან უდიდესი ძალაუფლების მიუხედავად, პირადად იცავდა უპოვარებსა და ჩაგრულებს.
რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და კრებაზე მიღებული ე.წ.ძეგლისწერა (რუის-ურბნისის ძეგლისწერა) 1105 წელი.
დავით აღმაშენებლის მიერ გაატარებული მნიშვნელოვანი საეკლესიო რეფორმა. კრების მოწვევის მიზეზად სახელდება ეკლესიის უღირსი სასულიერო პირებისგან გაწმენდა, რაშიც იგულისხმება ხელდასხმის წესის დარღვევა(ეპისკოპოსობის თანამდებობებს გვარიშვილობით იკავებდნენ),საეკლესიო ქონების განიავება, მცირეწლოვანთა ქორწინება,მამათმავლობა და კიდევ სხვა.კრების თავმჯდომარე იყო იოანე კათალიკოსი
„თავ და წინამძღუარ... წმიდასა მის კრებისა იყო... იოვანე ყოვლად ღირსი მთავარეპისკოპოსი, კათალიკოსი და ყოვლისა საქართველოჲსა დიდი მამამთავარი"
დავითის მიზანს წარმოადგენდა ეკლესიის დამორჩილება და სამეფო ხელისუფლების განმტკიცება.თავად ძეგლში კი აღნიშნულია,რომ საეკლესიო და სამღვდელოთა საქმეების განხილვა იყო. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცება-ცენტრალიზებაში.
ძეგლისწერა 15 კანონისგან შედგებოდა:
1)ძეგლისწერა გადაყენებულად აცხადებს უღირს მღვდელთმთავარს, მსახურს, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა.
2)ეპისკოპოსი უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი ოცდაათისა, დიაკონი ოცდახუთისა, „წიგნის მკითხველი“ კი რვა წლისა. ხელდასმა უნდა ხდებოდეს ჯერ უმცროს თანამდებობებზე, შემდეგ კი თანდათანობით უფროსზე.
3)ხელდასმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის განწესების მიხედვით.
4)ძეგლისწერა კრძალავს ხელდასმას ქრთამით, ძღვენით.
5)საეკლესიო ქონება, საჭურჭლე მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა იხმარებოდეს.
6)საეკლესიო ქონება, საჭურჭლე მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა იხმარებოდეს.
7)ქორწინება, ნათლისღება, მონაზვნად განწესება ხდებოდა ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით. გვირგვინის კურთხევა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შესრულებულიყო. ძეგლისწერა ორ ქორწინებაზე მეტს არ აღიარებდა;
დაქორწინებისას ქალი უნდა ყოფილიყო არანაკლებ თორმეტი წლისა.
8)კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შეირჩნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან საქრისტიანო წესებში, უანგაროდ ემსახურებიან ეკლესიის საქმეს.
9)მოძღვართა სიმრავლე მონასტერში განხეთქილების მიზეზს შემოიღებს, ამიტომ მათი რიცხვი უნდა განისაზღვროს: დიდ მონასტერში დასაშვებია ორი მოძღვარი, ხოლო პატარაში — ერთიც საკმარისია.
10)იკრძალება ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური.
11)განმარტებულია ვის მიერ, სად და როგორ უნდა სრულდებოდეს ცოცხალთა და მიცვალებულთა ლოცვა.
12)ძეგლისწერის მიხედვით, სომეხნი სარწმუნოებით მწვალებლები არიან და თუ სომეხი მართლმადიდებლობას აღიარებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის ისეთი წესით უნდა მიიღოს, როგორი წესითაც წარმართს იღებს.
13)იკრძალება მართლმადიდებლისა და წარმართის ქორწინება.
14)აკრძალულია წარმომადგენლობითი ქორწინება (წარმომადგენლობითი ქორწინებისას, თუ შესაუღლებლები სხვადასხვა ადგილას არიან და მათი ერთად შეყრა ვერ ხერხდება, მაშინ გვირგვინის კურთხევის დროს საქმროს მაგიერ მისი წარმომადგენელი უნდა იყოს).
15)ძეგლისწერა ეხება სოდომურ დანაშაულს, ე.ი. არაბუნებივ სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას.დასახელებულია ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი.
1110 წელს დავით აღმაშენებელი განგებ გადავიდა დასავლეთ საქართველოში (ლიხთ-იმერეთს), რათა თურქ-სელჩუკებს ჰგონებოდათ, რომ მეფე შორს იყო და აღმოსავლეთში აქტიურ მოქმედებებს არ აპირებდა.
სანამ მტერმა ყურადღება მოადუნა, გიორგი ჭყონდიდელმა ფარულად შეკრიბა ჯარი და ისე სწრაფად,მოულოდნელად მიადგა სამშვილდეს, რომ მტერმა წინააღმდეგობის გაწევა ვერც კი მოასწრო. მემატიანე პირდაპირ წერს, რომ მათ „ხერხითა და გონიერებით“ (დიდი სისხლისღვრის გარეშე) აიღეს ეს უძლიერესი ციხესიმაგრე.
1118 წელს, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, გიორგი ჭყონდიდელი მეფე დავითთან ერთად გაემგზავრა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყივჩაღთა სამხედრო ძალის საქართველოში ჩამოსაყვანად. სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მისიის დროს, ოსეთში მყოფი გიორგი მოულოდნელად გარდაიცვალა.
დავით აღმაშენებელმა იგი საკუთარი მამასავით იგლოვა. მეფემ და მთელმა სამეფო კარმა გლოვის ნიშნად შავი სამოსი ჩაიცვა. მემატიანე ხაზს უსვამს, რომ დავითს ასეთი ტკივილით არცერთი ღვიძლი ნათესავი არ უგლოვია. მეფემ თავისი უახლოესი მეგობარი და მასწავლებელი უდიდესი პატივით გადმოასვენა და დაკრძალა გელათის მონასტერში.
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ