27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა.ფოტო: ღია წყარო
27 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების, ანუ უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.
ეკლესიის სწავლებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან დაახლოებით სამი საუკუნის შემდეგ, 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, ქრისტიანებმა დიდი სიწმინდე — უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი იპოვეს.
რომის იმპერიის წარმართი მმართველები ცდილობდნენ, ადამიანთა მეხსიერებიდან აღმოეფხვრათ ის ადგილები, სადაც ქრისტემ ივნო, ჯვარს ეცვა და აღდგა. იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით, გოლგოთა და ქრისტეს საფლავი მიწით დაფარეს, ხოლო მათ ადგილას წარმართული ტაძრები და კერპები აღმართეს.
კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობა მას შემდეგ ირწმუნა, რაც გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე ჯვრის ნიში იხილა წარწერით — „ამით სძლო!“. გამარჯვების შემდეგ იმპერატორმა უფლის ჯვრის მოძიება გადაწყვიტა და წმინდა მიწაზე დედა, კეთილმსახური დედოფალი ელენე გაგზავნა.
დედოფალმა ელენემ იერუსალიმში პატრიარქ მაკარის დახმარებით დაიწყო სიწმინდის ძიება. გოლგოთაზე, მაცხოვრის საფლავთან ახლოს, სამი ჯვარი, პილატეს ბრძანებით გაკეთებული სამენოვანი წარწერა და ოთხი ლურსმანი აღმოაჩინეს.
გადმოცემის თანახმად, ცხოველსმყოფელი ჯვრის გამოსავლენად სამივე ძელი მიცვალებულს შეახეს. როდესაც მაცხოვრის ჯვარი შეეხო მას, იგი გაცოცხლდა. ამ სასწაულით დადასტურდა, რომ სწორედ ეს იყო ის ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი ჯვარს ეცვა.
სიწმინდის აღმოჩენის შემდეგ იერუსალიმში უამრავი ქრისტიანი შეიკრიბა. მათ პატრიარქ მაკარის სთხოვეს, ჯვარი აემაღლებინა, რათა ყველას შეძლებოდა მისი ხილვა და თაყვანისცემა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება ჯვართამაღლების დღესასწაულის სახელწოდება.
წმინდა ელენემ მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული წმინდა ადგილების პატივსაცემად არაერთი ტაძრის მშენებლობას შეუწყო ხელი. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობაც, რომელიც გოლგოთასა და უფლის საფლავს მოიცავდა. ტაძარი 335 წლის 13 სექტემბერს იკურთხა, ხოლო მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს, პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული დაწესდა.
ჯვართამაღლების დღესასწაული ასევე უკავშირდება უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის სპარსეთიდან იერუსალიმში დაბრუნებას. 614 წელს სპარსეთის მეფე ხოსრო II-მ იერუსალიმი დაარბია და სიწმინდე სპარსეთში წაიღო. ცხოველსმყოფელი ჯვარი იქ 14 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
იმპერატორ ჰერაკლეს მიერ სპარსელთა დამარცხებისა და სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, უფლის ჯვარი დიდი ზეიმით იერუსალიმში დააბრუნეს. გადმოცემის თანახმად, ჰერაკლე იმპერატორული სამოსითა და გვირგვინით აპირებდა სიწმინდის ტაძარში შეტანას, თუმცა გოლგოთისკენ მიმავალ კარიბჭესთან გზა ვეღარ განაგრძო. პატრიარქმა ზაქარიამ მას განუმარტა, რომ ქრისტემ ჯვარი სიმდაბლით იტვირთა და იმპერატორსაც სიწმინდის ასეთივე თავმდაბლობით მობრძანება მართებდა. ამის შემდეგ ჰერაკლემ გვირგვინი და სამეფო სამოსი მოიხსნა და უფლის ჯვარი ტაძარში უბრალო სამოსით შეაბრძანა.
ჯვართამაღლების დღესასწაულზე ეკლესია განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ქრისტეს ჯვრის მნიშვნელობას, როგორც კაცობრიობის ხსნისა და ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრეს ნიშანს.
წმინდა ანდრია კრიტელი ჯვართამაღლების მნიშვნელობას ასე გადმოსცემს: „ჯუარი ამაღლდების და სავსებაჲ ეკლესიისაჲ შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფიან, რამეთუ მოჴსენებაჲცა ჯუარისაჲ მიზეზ იქმნებიდა სიხარულისა და მორიდება - მჭმუნვარებისა“.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 24 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 300 არაგველთა ხსენებას აღნიშნავს.
წაიკითხეთ ასევე
27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენასა და მისი იერუსალიმში დაბრუნებას უკავშირდება.
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.
ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.