ირაკლი კობახიძე – ერეკლე მეორემ მიიღო რელიგიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი – დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა, ვიყოთ ტრადიციული, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა, მათ შორის, ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, აქ არის მთავარი საერთო შეფასება – რა მოტივით მოქმედებდა ერეკლე მეორე, მაშინდელი საქართველოს ხელისუფალი, როდესაც ამ ტრაქტატს აფორმებდა და, საბოლოო ჯამში, რა შედეგები მიიღო ქვეყანამ ამ ტრაქტატიდან. შედეგებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს ერეკლე მეორის ეს ნაბიჯი. ეს იყო ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება – ეს იყო ხელშეკრულება იმპერიასთან. რუსეთის იმპერია იყო იმპერია, საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით და ზრახვებით, აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორეს რისკებიც ჰქონდა გათვლილი. ეს რისკები, საბოლოო ჯამში, რეალიზდა, თუმცა, მთლიანობაში, ქვეყანამ მიიღო კონკრეტული შედეგები იმ ნაბიჯიდან, რომელიც მაშინ გადადგა ერეკლე მეორემ. ეს შედეგები ადასტურებს იმას, რომ მისი ნაბიჯი იყო უალტერნატივო და ბრძნული. მაშინ, რეალურად, გაკეთდა ცივილიზაციური არჩევანი.

დღეს ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ტერმინს და ერეკლე მეორის მაშინდელი არჩევანიც იყო ცივილიზაციური არჩევანი. ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქრისტიანული ქვეყანა იყო მუსულმანური ქვეყნის ვასალი. მაშინ ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი. საბოლოო ჯამში, ამ არჩევანმა მოიტანა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის, რომ ჩვენი ერი გადარჩა. დემოგრაფიული თვალსაზრისით იყო უკიდურესად მძიმე ვითარება მე-18 საუკუნის ბოლოს. ის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით და ის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ ევროპულ ფასეულობებს და ევროპულ კულტურას, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურება. რა თქმა უნდა, რისკები იყო და ეს რისკები, ბუნებრივია, შემდეგ რეალიზდა. როდესაც პატარა ქვეყანას საქმე გაქვს დიდ იმპერიასთან, რომელიც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თავისთავად არსებობს რისკები. საბოლოო ჯამში, უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგი არის ის, რომ მაშინ საქართველო გადარჩა ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით. დღეს რომ საქართველო არის ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანა, ეს არის სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურება.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, დღეს ვართ ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ტრადიციული დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფვა, მათ შორის, ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი. როდესაც ჩვენ გვაქვს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ესეც არის იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ჩვენმა დიდმა მეფემ“, – განაცხადა პრემიერმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მთავრობის წევრებმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

წაიკითხეთ ასევე

საქართველოს პატრიარქმა რუსეთიდან ჩამოსული სასულიერო პირები მიიღო

შეხვედრას ესწრებოდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი).

ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები მიიღო.

შიო III: რწმენით ნასაზრდოებმა ქართველმა შეძლო სარწმუნოების შენარჩუნება

კათოლიკოს-პატრიარქმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ საქართველოს ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე, ევროპულ ცივილიზაციაში ქვეყნის როლსა და თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: შეხვედრა მტკივნეული საკითხების მოგვარების იმედია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტისა და შეხვედრის მთავარი საკითხების შესახებ ისაუბრა.

ლევან მაჭავარიანი: ,,ყველა ქარტეხილი დავძლიეთ, რადგან ქრისტიანობა გვაერთიანებდა''

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნა

კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გამოვიდნენ — შეხვედრას საქართველოსა და სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.