პატრიარქი შიო III: „ეს დროებითი, მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის“

პატრიარქი შიო III. ფოტო: მჟკ

პატრიარქი შიო III. ფოტო: მჟკ

სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე აღვლენილი სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ სადღესასწაულო ქადაგებით მიმართა სასულიერო პირებსა და მრევლს.

ქადაგების დასაწყისში პატრიარქმა დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა და წმინდა სახარების სიტყვები გაიხსენა, რომლის მიხედვითაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობით „გაიხარებს მრავალი“. მისი თქმით, ეს სიხარული უკვე ორი ათასი წელია გრძელდება და ეკლესია ყოველ წელს განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნავს უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის შობას.

უწმინდესმა ყურადღება გაამახვილა უფალ იესო ქრისტეს სიტყვებზე, რომ იოანე ნათლისმცემელი „უმეტეს ნაშობთა შორის დედათასა“, და ისაუბრა მის გამორჩეულ მისიასა და ღვაწლზე. პატრიარქმა აღნიშნა, რომ წმინდა იოანე მთელი კაცობრიობის მოსამზადებლად მოვიდა, რათა ადამიანებს მესიის მისაღებად გული სინანულით გაეხსნათ.

მისი განმარტებით, სინანული მხოლოდ ცოდვების აღიარება არ არის – ეს არის საკუთარი ცხოვრების გააზრება, შეცდომების გაცნობიერება და ღმერთთან დაბრუნების სურვილი. სწორედ ამიტომ, სინანული ადამიანის ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად უნდა იქცეს.

„სინანული არის ცოდვების გაცნობიერება და შემდეგ ამის მონანიება. ეს არის პირველი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ დასაწყისში გადასადგმელი ერთი ნაბიჯი – სინანული უნდა მიჰყვებოდეს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში, სიყრმიდან სიბერემდე,“ – აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგებისას შიო III-მ მიმოიხილა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცხოვრება – მისი სასწაულებრივი შობა, უდაბნოში ასკეტური ცხოვრება, ხალხის სინანულისკენ მოწოდება და იორდანეში ნათლისცემა. მან გაიხსენა, რომ სწორედ თავისი სიწმინდითა და ერთგულებით გახდა იოანე ღირსი, თვით უფალ იესო ქრისტეს ნათლისმცემელი და წინამორბედი ყოფილიყო.

პატრიარქმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ წმინდა იოანეს ქადაგება დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ქრისტეს მოსვლამდე.

„წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს და გვასწავლის, რომ არ დაგვავიწყდეს – ეს დროებითი, მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის. მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი,“ – ბრძანა უწმინდესმა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მოუწოდებს ეკლესია მორწმუნეებს, განსაკუთრებით მარხვის პერიოდში, პატივი მიაგონ ამ უდიდეს წმინდანს და მის ქადაგებას ყურადღებით მოუსმინონ.

ქადაგების მეორე ნაწილში პატრიარქმა ისაუბრა სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ეს ტაძარი განსაკუთრებული სიწმინდეა სენაკელებისთვის, რადგან მის მშენებლობაში მრავალი ადგილობრივი მონაწილეობდა.

უწმინდესმა განსაკუთრებული პატივით გაიხსენა მღვდელ-მონაზონი ამბაკუმი, რომელიც ტაძრის მშენებლობის მთავარი ორგანიზატორი იყო, და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ სიწმინდის აგებაში საკუთარი წვლილი მიუძღვის.

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა პატრიარქის საუბარი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურების წლებზე. მან აღნიშნა, რომ სწორედ აქ მიიღო უმნიშვნელოვანესი სულიერი გამოცდილება, რომელიც შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქის მსახურებისთვისაც მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა.

„მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, რომ აქ მომიწია მსახურება, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ეპარქიაში; ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით და იმ დიდი წმინდანების მოხსენიებით, მათ ცხოვრებაზე მუშაობით, შესწავლით, რომლებიც იღვწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში,“ – განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა დასძინა, რომ ამ ეპარქიაში მან შეიცნო სამეგრელოს განსაკუთრებული სული, კულტურა და სილამაზე, რომელთა ცოდნის გარეშეც, მისი შეფასებით, შეუძლებელია ქართული კულტურისა და ეროვნული სულის სრულყოფილად გაგება.

„ალბათ ვეცადე, შეძლებისდაგვარად მესწავლა მთავარი რამ. ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და, ალბათ, იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსიც,“ – აღნიშნა შიო III-მ.

ქადაგების დასასრულს უწმინდესმა კიდევ ერთხელ მიულოცა მრევლს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაული, ილოცა, რომ უფალმა წმინდა წინამორბედის ლოცვით მორწმუნეებს სინანულის სწავლა, სულიერი განმტკიცება და ქრისტიანული ცხოვრების ღირსეულად წარმართვა მიანიჭოს.

მან დალოცა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია, სრულიად საქართველო და თითოეული მორწმუნე, ასევე ილოცა ქვეყნის გამთლიანების, გაძლიერებისა და გადარჩენისთვის.

დღესასწაულის აღსანიშნავად ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს ღირსი ალექსი შუშანიას ახლად შექმნილი ხატებიც დაურიგდათ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში პატრიარქის მისაღებად ემზადებიან.

წაიკითხეთ ასევე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს

,,არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე ასე ძლიერად უფალ იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა.''- შიო III.

ვატიკანმა გაეროში სიკვდილით დასჯის გაუქმების წინადადებით გამოვიდა

ვატიკანის წარმომადგენელმა გაეროში მოუწოდა ქვეყნებს, სადაც სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული, სიკვდილით დასჯა თავისუფლების აღკვეთით ჩაანაცვლონ.

ამ წუთებში პატრიარქი შიო III წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მიბრძანდა

წმინდა მოციქულისა და მახარებლის მიცვალების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამღვდელოებასთან ერთად ღვთისმსახურებას აღავლენს.

პატრიარქი შიო III დღეს ვერის ტაძარში აღავლენს წირვას

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.

ნიცის წმინდა ნიკოლოზის სამრევლოში 24 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, წირვას იღუმენი ეფრემი (ჯოლოხავა) აღასრულებს; ასევე გაიმართება მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასულიერო პირები დააჯილდოვეს

იღუმენ რაფაელსა და იღუმენ იოანეს საეკლესიო ჯილდოები მთავარეპისკოპოს ექვთიმეს წარდგინებითა და კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭათ.