აზარტული თამაშების გავლენა ადამიანის სულზე

აზარტული თამაშების დამღუპველი გავლენა ადამიანის სულზე. ილუსტრაცია: მჟკ

თანამედროვე სამყაროში აზარტული თამაშები ხშირად უწყინარ გართობად, ადრენალის წყაროდ ან უბრალო ჰობად საღდება. თუმცა, ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ეს ფენომენი ბევრად ღრმა და საშიშ სულიერ რღვევას უკავშირდება. სიტყვა „აზარტი“ მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „ალ-ჰაზრ“, რაც „კამათელს“ ნიშნავს. მოგვიანებით ფრანგულ ენაში დამკვიდრებულმა ამ ტერმინმა  (ფრანგ. hasard)  „შემთხვევითობის“, „რისკის“ მნიშვნელობა შეიძინა. თუმცა სულიერ სიბრტყეზე აზარტი არის ცრუ რწმენისა და გაუკუღმართებული ვნების ნაზავი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ნებაყოფლობით შედის ილუზიების სამყაროში და საკუთარ თავს აბარებს „შემთხვევითობის ღმერთს“. აზარტი არის სულის შინაგანი სიცარიელის ეგზისტენციალური შიში, რომლის შევსებასაც ადამიანი ღვთის ნაცვლად მძაფრი შეგრძნებებით, რისკითა და მატერიალური მოგების ილუზიით ცდილობს. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური რისკი; იგი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სულის უხილავი ანატომიის დაავადებაა, რომელიც ანგრევს პიროვნების შინაგან მთლიანობას.

კამათელი

წმინდა მამათა სწავლებით, ცოდვა, რომელიც ადამიანის ბუნებაში ფესვს გაიდგამს და მის ნებაზე ძალადობს, ვნებად ყალიბდება. აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილება, ანუ ლუდომანია, სულიერი თვალსაზრისით არის არა ფსიქოლოგიური სისუსტე, არამედ სულის დამონება მრისხანე კერპის მიერ. აზარტი, როგორც ვნება ადამიანში აყალიბებს რამდენიმე სულიერ სენს, მათგან ყველაზე მეტად  ვერცხლისმოყვარეობას და საღვთო განგებულების უგულებელსყოფას. ქრისტიანული ეთიკა აღიარებს შრომას, როგორც ადამიანის განწმენდისა და შემოქმედებითი რეალიზაციის საშუალებას. აზარტი კი ეყრდნობა პარაზიტულ მისწრაფებას - მიიღო ყველაფერი არაფრის სანაცვლოდ. მოთამაშე რეალურ, პიროვნულ ღმერთს ანაცვლებს აბსტრაქტული ცნებებით - „იღბალი“, „ფორტუნა“ ან „შანსი“. ეს არის ფარული კერპთაყვანისმცემლობა, სადაც ადამიანი ლოცვის ნაცვლად რიტუალურ მოლოდინშია, ხოლო სასოებას ღვთის ნაცვლად ციფრების კომბინაციაზე ამყარებს. როგორც ნებისმიერი მძიმე ვნება, აზარტიც ადამიანს ართმევს ღვთივბოძებულ თავისუფალ ნებას. მოთამაშის გონება მუდმივად ტრანსის მდგომარეობაშია - ფიქრები, ოცნებები და მომავლის გეგმები მხოლოდ თამაშის გარშემო ტრიალებს, რაც ადამიანს სულიერ სიფხიზლეს და ლოცვის უნარს უკარგავს.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიკურ თუ შუა საუკუნეებში არ არსებობდა თანამედროვე ტიპის ციფრული კაზინოები, ეკლესიის მამები კარგად იცნობდნენ კამათლისა და სხვადასხვა სანაძლეოების დამღუპველ ბუნებას. მამათა სწავლება ორ მთავარ ღერძს ეყრდნობა: სულის შინაგან დეგრადაციას და მოყვასის სიყვარულის კატასტროფულ დაკარგვას.

კაზინო

ეკლესიამ საუკუნეების წინ დაინახა აზარტის სოციალური და სულიერი საფრთხე, რის გამოც მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე მკაცრი კანონიკური სანქციები დააწესა. საეკლესიო სამართალი მიზნად ისახავდა როგორც სამწყსოს დაცვას, ისე ცოდვაში მყოფი ადამიანის გამოფხიზლებას. აზარტულ თამაშებს (კანონებში მოხსენიებულს როგორც „კამათლის თამაში“) პირდაპირ კრძალავს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი კანონი. მაგალითათ წმინდა მოციქულთა 42-ე და 43-ე კანონები. ასევე ტრულის კრების 50-ე კანონი, რომელშიც ვკითხულობთ: „ნურცერთი ერისკაცი და სასულიერო პირი ამიერიდან ნუ ითამაშებს კამათელს. თუ ვინმე შემჩნეული იქნება ამაში, სასულიერო პირი განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.“ საეკლესიო კანონების სიმკაცრე მიანიშნებს, რომ ეკლესია აზარტს განიხილავდა არა როგორც მცირე გადაცდომას, არამედ როგორც სულის გამომფიტავ და დამანგრეველ ქმედებას, რომელიც ადამიანს ევქარისტიული (ზიარების) ერთობის მიღმა ტოვებს.

საეკლესიო კანონიკის პარალელურად არაერთი წმინდა მამა გვმოძღვრავს აზარტული თამაშების მომაკვდინებელი ვნების შესახებ. წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებით: „კამათლის თამაში (აზარტი) ღვთისგან კი არ არის, არამედ ეშმაკმა მოიგონა იგი. იქ, სადაც აზარტული თამაშია, არის ტყუილი, წყევლა, რისხვა, გინება და აურაცხელი ბოროტება. შენ ამბობ: მე ხომ მხოლოდ გასართობად ვთამაშობ? მაგრამ იცოდე, რომ ეს გართობა სულის მკვლელია. როდესაც აგებ, მრისხანე ხდები, ხოლო როცა იგებ, სიხარბის სენი გიპყრობს. ორივე შემთხვევაში შენს სულს ვნებებს აჭმევ.“ იგივეს შეგვაგონებს წმინდა ბასილი დიდიც. კაბადოკიელი ღვთისმეტყველი ბრძანებს: „შეხედეთ, როგორ შფოთავს კამათლის მომლოდინე კაცი! მისი გული საგულედან ამოდის, ხელები უკანკალებს, გონება დაბინდულია. იგი ენდობა არა ღვთის განგებულებას, არამედ ბრმა ბედს და შემთხვევითობას. ეს არის კერპთაყვანისმცემლობის ფარული ფორმა, როდესაც ადამიანი ღმერთის ნაცვლად თაყვანს სცემს იღბალს.“ რა თქმა უნდა ძველი მამების ნააზრევს და პათოსს იმეორებენ შედარებით თანამედროვე მოძღვრები. წმინდა ამბროსი ოპტინელი შეგვაგონებს: „მოერიდეთ ბანქოსა და ყოველგვარ თამაშს, სადაც ფული და ანგარება ტრიალებს. ეს თამაშები გონებას უფანტავს ადამიანს, ლოცვის სურვილს უკარგავს და გულს აცივებს. ვინც ამ ვნებას აჰყვება, მასში სულიერი ადამიანი კვდება და მხოლოდ ხორციელი, აღგზნებული არსება რჩება.“

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც აზარტულ თამაშებს ახლავს არის ადამიანის სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე მიყვანა და საბოლოოდ სიცოცხლის სუიციდით დასრულება. სასოწარკვეთილების ვნება აზარტული თამაშების ყველაზე საშიში და ფატალური სტადიაა. წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, ეშმაკი არასოდეს კმაყოფილდება მხოლოდ მატერიალური ზიანით; ფინანსური კრახი და ვალები მისთვის მხოლოდ იარაღია, საბოლოო მიზანი კი ადამიანის სულის მარადიული დაღუპვაა, რაც სწორედ სასოწარკვეთილების მეშვეობით მიიღწევა. მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში სასოწარკვეთილება განიხილება როგორც ერთ-ერთი უმძიმესი სულიერი მდგომარეობა, რადგან ის არის ღვთის მოწყალებისა და სიყვარულის პირდაპირი უარყოფა. როდესაც მოთამაშე ყველაფერს აგებს და უფსკრულის პირას აღმოჩნდება, ბოროტი ძალა მასში ააქტიურებს ცრუ აზრს, თითქოს მისი მდგომარეობა უიმედოა, ცოდვა - მიუტევებელი, ხოლო ღმერთი - მისგან განმდგარი. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს, რომ ეშმაკი ცოდვის ჩადენამდე ადამიანს ღვთის უსაზღვრო მოწყალებას უჩვენებს, რათა მან თამამად შესცოდოს, ხოლო ცოდვის ჩადენის (ანუ ყველაფრის წაგების) შემდეგ - მის მკაცრ მართლმსაჯულებასა და უწყალობას უსახავს, რათა სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, სამწუხაროდ, ხშირად სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

ამგვარად, წმინდა მამათა სწავლება რომ ერთიანად შევაჯეროთ, აზარტული თამაშები არ არის უბრალო მიწიერი გართობა ან ფინანსური მოგება - ის არის სულის კომპლექსური და დამანგრეველი სენი. აზარტი არის ფარული კერპთაყვანის-მცემლობა, სადაც ადამიანი ზურგს აქცევს ღვთის განგებულებას და თავის ბედსა თუ იმედებს ბრმა იღბალს აკუთვნებს. დასაწყისში უწყინარი გართობის სახით შემოპარული ეს მავნე ჩვევა მალე ნებაყოფლობით მონობად იქცევა; იგი ადამიანს ართმევს ღვთისგან ბოძებულ უდიდეს ნიჭს - თავისუფალ ნებას, გონებას შფოთითა და მრისხანებით უბინდავს, გულს უცივებს და ლოცვის ყოველგვარ სურვილს უკარგავს. საბოლოო ჯამში, წმინდა მამები აზარტს განიხილავენ როგორც ეშმაკის მიერ სიხარბის სატყუარით დაგებულ ხაფანგს, სადაც ადამიანი მიწიერი მოგების მოლოდინში დებს სამყაროში ყველაზე წამგებიან ფსონს და საკუთარ უკვდავ სულს აგებს.

 

წაიკითხეთ ასევე

ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში

მართლმადიდებელ ეკლესიაში - ლიტურგიკულ ცხოვრებასა და დოგმატურ აზროვნებაში - ჯვარი ცენტრალურ ადგილს იკავებს.

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი

სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.

საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში

წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.

იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა

პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.