ვნების კვირის მნიშვნელობა

ჯვარცმა. ფოტო: მჟკ

ჯვარცმა. ფოტო: მჟკ

დიდი მარხვა, როგორც განსაკუთრებული პერიოდი, წმინდა თეოდორე სტუდიელის თქმით: „მსგავს-არს ნავთსაყუდელსა რაჲსამე უღელვოსა, რომელსა შინა შევლენან ყოველნი კაცნი და იშვებენ მყუდროებითა სულიერითა“.

დიდი მარხვა სამ ნაწილად განიყოფა: 

  1. მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ოთხი კვირა დღისა და სამი შვიდეულისაგან შედგება;
  2. წმინდა ორმოცეული, რომელიც ყველიერის კვირის მომდევნო ორშაბათიდან იწყება და ბზობის კვირიაკის წინა პარასკევამდე გრძელდება;
  3. ვნების შვიდეული, რომელიც თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ყოველთვის ცალკე განიხილება.

ვნების შვიდეული მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული წლის მწვერვალია, რომელშიც ერთბაშად გაერთიანებულია ადამიანთა ხსნის საღვთო ისტორია, ლიტურგიკული, საღვთისმეტყველო და სიმბოლურ-მისტიკური გამოვლინებით. ვნების შვიდეულთან დაკავშირებით, მარხვის ერთ-ერთ სვინაქსარში ვკითხულობთ: „ვითარ-იგი ორმეოცნი ესე დღენი, უფროჲს აღმატებულებენ სიწმიდით ყოველთა დღეთა სხვათა მარხვისათა, ეგრეთვე შვიდეული ესე წმიდა უფროჲს უდიდებულესობს ყოველთა ამათ შვიდეულთა“. ეკლესია ამ პერიოდში იხსენებს მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებს - მის ტანჯვას, სიკვდილს და საფლავად დადებას. ვნების ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს  ღვთისმსახურების დროს იკითხება წმინდა ოთხთავი, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ფიქრს და განცდას მაცხოვრის ვნების შესახებ. გარდა ამისა, თითოეული დღე მაცხოვართან დაკავშირებულ კონკრეტულ მოვლენას ეხება.

დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს იესო ქრისტეს მიერ უნაყოფო ლეღვის ხის დაწყევლას, რაც სიმბოლოა ისეთი ადამიანისა, რომელიც გარეგნულად „ცოცხალია“, მაგრამ ნაყოფს, სათნოებას არ იძლევა. იგი ასევე სიმბოლოა იმ იუდეველებისა, რომლებიც გარეგნულად თითქოსდა რჯულის დამცველები იყვნენ, თუმცა საჭირო დროს ვერ იცნეს მხსნელი. ფაქტობრივად, იგივე პათოსი განიჭვრიტება დიდი სამშაბათის საკითხავ-საგალობლებში: ეკლესია ამ წმინდა დღეს იხსენებს ორ სახარებისეულ ამბავს, იგავებს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ, რითაც მოგვიწოდებს მუდმივი სულიერი სიფხიზლისა და პასუხისმგებლობისაკენ.

დიდი ოთხშაბათიდან კიდევ მეტად განიცდება მაცხოვრის ვნებასთან დაკავშირებული მოვლენები. ეკლესია ამ დღეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემას იხსენებს. მოვლენას, რომელიც წინ უძღოდა გამცემლის ბოროტ განზრახვას: ქრისტეს სტუმრობას სვიმონ კეთროვნის სახლში და ცოდვილი დედაკაცის მიერ მისთვის ძვირფასი ნელსაცხებლის ცხებას. სწორედ ამის შემდეგ განიზხარა უსჯულო იუდამ თავისი გეგმის სისრულეში მოყვანა. როგორც ტროპარი გვაუწყებს: „რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყუარებისა სენითა დაბნელდებოდა...“ სწორედ მისი ამ უმზაკვრესი ჩანაფიქრის გამო, ეს დღე დიდ პარასკევთან ერთად ყველაზე უფრო მძიმეა კაცობრიობის ისტორიაში. იუდას, ამ საქციელით შეძრწუნებული ჰიმნოგრაფი ესიტყვება და კითხვით მიმართავს მოციქულყოფილს: „სახე შენი ზაკუვითა აღსავსე არს, უსჯულოო იუდა, რამეთუ ვეცხლით სნეულმან შეიძინე კაცთმოძულებაჲ, და სიმდიდრე თუ გიყუარდა, რად დაემოწაფე სიგლახაკისა მოძღუარსა?!“

დიდი ხუთშაბათი საიდუმლო სერობის დღეა, როდესაც მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო დააწესა და ამ უაღმატებულესი მსახურების სახე თავად უჩვენა ერთად შეკრებილ მოციქულებს. ამასთან, განუსაზღვრა მათ: „ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა“. წმინდა იოანე ოქროპირი ლიტურგიაზე საუბრისას ცხადად ბრძანებს, რომ ტაძრებში ევქარისტიული მსახურების დროს, იგივე ტრაპეზი და იგივე ქრისტე იხილვება, რომელიც საიდუმლო სერობის დროს იხილვებოდა და როცა ამ ტრაპეზს ვეზიარებით, ვეზიარებით თავად ქრისტეს, რომლის წინაშე ანგელოზებიც კი შიშით დგანან. დიდ ხუთშაბათს, გარდა საღვთო ლიტურგიისა, სამღვდელმთავრო მსახურებაზე აღესრულება ფეხთბანვის წესიც.

ეპისკოპოსი თორმეტ მღვდელმსახურს შუა ტაძარში ბანს ფეხებს და ამით ქრისტეს მსგავსად სიმდაბლის მაგალითს უჩვენებს მათ: „ტბათა და წყალთა და ზღუათა შემოქმედმან, სიმდაბლისა ჩუენისა მაღლისა მასწავლელმან, არდაგისა მომრტყმელმან, მრწემთანნი დაჰბანნა ფერხნი“. დიდ ხუთშაბათს ეკლესია ასევე იხსენებს იესო ქრისტეს ლოცვას გეთსიმანიის ბაღში, ცნობილ ეპიზოდს, საიდანაც კარგად ჩანს მამისადმი მისი სრული მორჩილება, რომელიც გამოჩნდა მის სიტყვებში: „არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ“. საიდუმლო სერობის ხსენების დღეს ეკლესია, რა თქმა უნდა, წირვით ეგებება და აღსრულებს დიდი მღვდელმთავრის, წმინდა ბასილი დიდის საღვთო ლიტურგიის წესს.

დიდი პარასკევი, მისი მეორე სახელწოდება „წითელი პარასკევი“ ნათლად მეტყველებს ამ დღის სიმძიმეზე. დღე, როდესაც კაცობრიობის მხსნელი კაცთა მოდგმამ სასიკვდილოდ გაიმეტა. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „რაჲ-ეგე ჰქმენ, ჰოი ისრაელ? უცხოჲ და ახალი საშჯელი შეურაცხ-ჰყავ, პატივისმცემელი შენი უდიდებელ-ჰყავ, მადიდებელი შენი უარ-ჰყავ, იგი, რომელმან გამოგირჩია შენ ერად საზეპუროდ, მოჰკალ - მაცხოვარი იგი შენი“. დიდი პარასკევის განუზომლად დიდი მნიშვნელობა ლიტურგიკულ მსახურებაშიც ჩანს. ამ დღეს არ სრულდება საღვთო ლიტურგია, რადგან უჯეროა, თუნდაც ევქარისტიის უწმინდესი მსახურებისგან გამოწვეულმა ზეიმმა და სიხარულმა ჩრდილი მიაყენოს იმ საზოგადო მწუხარებას, რასაც ეს შემაძრწუნებელი დღე ატარებს. საკუთარ ჰიმნოგრაფიულ საკითხავში, რომელიც დიდ პარასკევს მიემართება, წმინდა რომანოზ ტკბილადმგალობელი ღვთისმშობელთან მიმართებით აღნიშნავს: „დედა დასტირის თავის ძეს და მისი ტკივილი აღემატება ყოველგვარ სიტყვას“. დიდი პარასკევის ცისკარზე ტაძრებში იკითხება თორმეტი ვნების სახარება, რომელიც აქცენტირებულია მაცხოვრის ვნებებზე, ჯვარცმაზე, ჯვრიდან გარდამოხსნასა და მის საფლავად დადებაზე. იმავე დღის მწუხრზე სრულდება გარდამოხსნის მსახურება, რომელიც სიმბოლურად მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის და საფლავში დასვენების გამოხატულებაა.

დიდი შაბათი ვნების შვიდეულის გვირგვინია. სრული ერთი დღე მაცხოვრის საფლავად ყოფნისა; დღე ჯოჯოხეთის შემუსვრისა, სიკვდილის დათრგუნვისა და კაცთა მოდგმისათვის სიცოცხლის მონიჭებისა. დიდი შაბათი არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და საიდუმლოებით აღსავსე დღე ეკლესიის ტრადიციაში, რომელიც დგას დიდ პარასკევსა და აღდგომას შორის და ერთგვარად გამოხატავს გარდამტეხ მომენტსსიკვდილიდან სიცოცხლეში. როგორც ამ დღის სვინაქსარი გვაუწყებს: „ხოლო შთახდა რაჲ სიტყვაჲ ღვთისაჲ საფლავად ხორცითა და ჯოჯოხეთად უხრწნელითა მით და საღმრთოჲთა სულითა თვისითა, მაშინ მოკლა მკვლელი კაცთა ნათესავისა და იპყრა წმიდათა და პატიოსანთა ხელთა შინა თვისთა სული კაცთა ნათესავისა და მიჰგვარა იგი მამასა თვისსა“.  წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „ჯოჯოხეთი დამწუხრდა, რადგან განადგურდა; დამწუხრდა, რადგან საცინელ-იქმნა; დამწუხრდა, რადგან მოკვდა; დამწუხრდა, რადგან დაემხო; მიიღო ადამიანის სხეული და შეხვდა ღმერთს; მიიღო მიწა და იხილა ზეცა“.

დიდ შაბათს, ღვთისმსახურება ადრიანად იწყება, რომელიც ბოლოვდება „დიდება-მაღალიანის“ გალობით და ტაძრის ირგვლივ გარდამოხსნის სამგზის შემოტარებით, რაც სიმბოლურად მაცხოვრის სამდღე საფლავად ყოფნის სომბოლოა.

სწორედ დიდი შაბათის ღვთისმსახურების ნაწილია იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში  წმინდა ცეცხლთან დაკავშირებული რიტუალი, რომელიც, ფაქტობრივად, აღდგომის დღესასწაულის სიხარულის პირველი გამონათებაა. დიდი შაბათის მწუხრზე გაისმის პირველად ყველაზე საკრალური და იმედისმომცემი სიტყვები: „ქრისტე აღდგა!“ - „ჭეშმარიტად აღდგა!“

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს

მართლმადიდებელ ჟურნალისთტა კავშირის ქართულ რედაქციასთან დეკანოზმა ისაუბრა გასაჯაროებულ დოკუმენტზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.

„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული

„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი არის კიდევ ერთი მყარი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ყოვლადწმინდა დედოფლის მიმართ.

სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა

უკრაინის მართლმადიდენელი ეკლესიის( PCU-ს) შექმნის ირგვლივ ატეხილი სკანდალების შესახებ მოსაზრებები.

რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი თბილისში

ოკუპირებული ტერიტორიების საეკლესიო პრობლემატიკა და რეალური პერსპექტივები.

გასაჯაროებული საეკლესიო დოკუმენტი: პოროშენკოს ზეწოლა 2018 წლის გაერთიანების კრებაზე

კონსტანტინოპოლის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღწერილია თვალთვალი, პრეზიდენტის ჩარევა და მცდელობები, ხელი შეეშალათ დელეგაციისთვის უკრაინის დატოვებაში.

ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემა მართლმადიდებლურ ტრადიციაში

მართლმადიდებელ ეკლესიაში - ლიტურგიკულ ცხოვრებასა და დოგმატურ აზროვნებაში - ჯვარი ცენტრალურ ადგილს იკავებს.