მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს მოიხსენიებს
წმინდა ნინოს ჯვარი. ფოტო: სიონის ტაძარი
ნინოობა — საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმინდა ნინოს სახელობის დღესასწაული.
ტროპარი: სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
კონდაკი: მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღვთისა განსწავლული მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა დედისა ღვთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა მეოხე მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.
ნინოს მამა იმპერატორ მაქსიმიანეს მხედართმთავარი ყოფილა. შემდეგ მას სამსახურისთვის თავი დაუნებებია და იერუსალიმში წასულა, სადაც შეურთავს იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და სუსანა. ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. იერუსალიმიდან ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. შემდეგ ნინო საქართველოში წამოსულა. მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ტოტისგან ("ნასხლევისაგან") გაკეთებული ჯვარი. ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით ნინოს მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მას მეტსახელად "ტყვესაც" ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ, ნინოს რჩევით, მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს მისიონერული მოღვაწეობა განუგრძია ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთშიც ასულა და წილკნელები, ჭართალელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვლილა, სადაც დაუკრძალავთ კიდევაც.
ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი - IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სოფელ ცხრამუხაში წმინდა ნინოს ხსენების დღეს სადღესასწაულო ლიტურგია აღესრულება.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.