ექვთიმე ღვთისკაცი - გზა მიწიერიდან ზეციურ განძამდე

ექვთიმე ღვთისკაცი. ფოტო: ღია წყარო

ბიოგრაფია

ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1862 წ. 5 იანვარს, სოფელ ლიხაურში (ოზურგეთის რაიონი), კორდონის ოფიცრის აზნაურ სიმონ თაყაიშვილისა და ნინო ნაკაშიძის ოჯახში. მშობლები ადრევე გარდაეცვალნენ. სწავლობდა ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო სასწავლებლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1887 წ. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი და თბილისში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.

1895 წ. ექვთიმემ ილია ჭავჭავაძის ჩარევით ცოლად შეირთო იურისტ ივანე პოლტორაცკისა და ნადეჟდა გაბაშვილის ასული ნინო (1869-1931 წწ.).

ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად საქართველოს ისტორია–არქეოლოგიისათვის მასალების შეკრებას თვლიდა.

1889 წ. დიმიტრი ბაქრაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა დაარსეს "საქართველოს საეგზარქოსოს მუზეუმი" და მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე. 1907 წ. ექვთიმემ საფუძველი ჩაუყარა "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას", რომელმაც რამდენიმე წელში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. საზოგადოების მიერ მოწყობილი ექსპედიციებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობა "სამუსლიმანო საქართველოში" 1917 წ.

ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და დიდი როლი შეასრულა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში 1918 წ.

1921 წ. 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო, საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან გაიტანა საბანკო ვალუტა, ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. ეროვნულ განძს მცველად გაქჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ.

ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში განაგრძობდა აქტიურ სამეცნიერო–კვლევით მოღვაწეობას. 1922 წ. ის აირჩიეს პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების, ხოლო 1925 წ.–საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. 1937-1939 წწ. თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის" თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "Georgica"-ს სარედაქციო საბჭოს წევრი. თუმცა საფრანგეთში ცხოვრებისას ექვთიმეს მთავარ მიზანს ეროვნული განძის დაცვა წარმოადგენდა. განძს კი დაცვა ნამდვილად ჭირდებოდა: ექსპონატებით დაინტერესდნენ ბრიტანეთისა და ნიუ–იორკის მუზეუმები, გრაფ ობოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს და საქმე სასამართლოში აღძრა, II მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა გაჩხრიკეს ექვთიმეს ბინა, საფრანგეთის მთავრობამაც თავისი პრეტენზია განაცხადა და მოითხოვა განძის ლუვრის მუზეუმისათვის გადაცემა. 1935 წ. კი საქართველოს ყოფილმა მთავრობამ უარი თქვა განძის მეურვეობაზე და მისი დაცვა ექ. თაყაიშვილს მიანდო.

1931 წ. გარდაიცვალა ნინო პოლტორაცკაია. მარტოობისა და უკიდურესად მძიმე მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, ექთიმე თაყაიშვილმა შეძლო ეროვნული საგანძურის შენარჩუნება.

1945 წ. II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა ხელსაყრელი პოლიტიკური პირობები და საქართველოს ეროვნული საგანძური ამერიკული თვითმფრინავებით საქართველოში დააბრუნეს. განძს ექვთიმეც გამოქყვა.

სამშობლოში დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად, კითხულობდა საჯარო ლექციებს. 1951 წ. კი საქართველოში არსებულმა რეჟიმმა მოხუცის შევიწროება დაიწყო: დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია, 1952 წ. კი ექვთიმე გაანთავისუფლეს უნივერსიტეტიდან.

დევნა–შევიწროებამ დიდად იმოქმედა ექვთიმე თაყაიშვილზე და 1953 წ. 21 თებერვალს გულის დამბლით გარდაიცვალა.

1963 წ. 10 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს. 1987 წ. 22 თებერვალს ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტი.

2000 წ. ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.

2002 წ. წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი", დაარსდა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის" მედალი. 2008 წ. თბილისში გაიხსნა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის" სახელობის ტაძარი.

ექვთიმეს ღვაწლი

ქართული ზეპირსიტყვიერების შემკრებთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებული - ექვთიმე თაყაიშვილი.

საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის დაარსების ინიციატორი და თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი იყო, 1907 წლიდან გამოსცემდა ორ პერიოდულ ორგანოს "ძველი საქართველო" და "საქართველოს სიძველენი".

ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი თბილისში

ფოლკლორული ნიმუშების შეკრება-პუბლიკაციას "ძველ საქართველოში" მიმართულება თვით რედაქტორმა - ექვთიმე თაყაიშვილმა მისცა. იგი წერილობით წყაროებთან ერთად აუცილებელ საჭიროებად თვლიდა ფოლკლორული მასალების გათვალისწინებისა, რადგან მრავალი ისტორიულ-კულტურული საკითხი, რაზედაც წერილობითი წყარო დუმს, შესაძლოა ზეპირსიტყვიერების საშუალებით აიხსნას.

"ძველ საქართველოში" ფოლკლორული ტექსტები ეთნოგრაფიული პრინციპით ქვეყნდებოდა.

"ვის არ შეუძლია ჩაწეროს და მოგვაწოდოს ხალხური ზღაპრები, სიმღერები, გამოცემანი, არაკები, თქმულებანი, შელოცვები და გამოცანები? ... რომელ განათლებულს სამეგრელოს მკვიდრს არ შეუძლია შეადგინოს ლექსიკონი ქართულ-მეგრული და მეგრულ-ქართული და დაგვიწეროს მეგრულათ მეგრული სახალხო სიტყვიერება? რომელს განათლებულს სვანს არ შეუძლია შეადგინოს ქართულ-სვანური და სვანურ-ქართული ლექსიკონი და ჩაწეროს სვანური ხალხური ნაწარმოები?" (ძველი საქართველო I, გვ. IV).

"როდესაც მე დავაარსე საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ჩვენ შევუდექით სხვათა შორის სახალხო პოეზიის შეკრებას და გამოქვეყნებას. გვინდოდა შეგვეკრიბა დაწვრილებითი ეთნოგრაფიული მასალები საზოგადოთ მთიელთა ცხოვრების შესახებ, და განსაკუთრებით ფშავ-ხევსურების შესახებ. მე ვთხოვე ვაჟა-ფშაველას: ამას შენზე უკეთესად ვერავინ შეგვიდგენს, გასამრჯელოს მოგართმევთ, რა თქმა უნდა, შეგვიკრიბე ასეთი მასალა-მეთქი... მანაც დამპირდა და რამდენიმე ხნის შემდეგ მოგვიტანა შესანიშნავი მოთხრობა "ფშაველი და მისი წუთისოფელი". (ციტატა მოყვანილია ე. თაყაიშვილის ხელნაწერიდან, დამოწმებულია შ. კვანტალიანის წიგნიდან "ხალხური სიტყვიერება ექვთიმე თაყაიშვილის "ძველ საქართველოში". თბ. 2005, გვ. 12).

ექვთიმე თაყაიშვილი პირველი აღმნუსხველია ძველ ხელნაწერ კრებულებში შემონახული ხალხური სიტყვიერების ტექსტებისა. მან მრავალი ფოლკლორული ნაწარმოები გამოავლინა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხელნაწერების აღწერისას. იგი ისეთივე მეთოდით აღწერდა ზეპირსიტყვიერ ძეგლებს, როგორც ლიტერატურულ თხზულებებს. მისი აღწერილია ხალხური სიტყვიერების ნიმუშები "აბრამიანი", "ლექსი ავთანდილისა", "როსტომიანი", "ელისაბედიანი".

"ძველი საქართველოს" ტომებში დაიბეჭდა ორი ათასი ხალხური ლექსი, 1385 ანდაზა და სიტყვის მასალა, 118 გამოცანა, 16 სიმღერა ნოტებით, 33 ზღაპარი, 4 თქმულება, სულ 3556 ფოლკლორული ნიმუში", - წერს ფოლკლორისტი შოვნა კვანტალიანი ნარკვევში "ხალხური სიტყვიერება ექვთიმე თაყაიშვილის "ძველ საქართველოში", თბილისი: თსუ გამომცემლობა, 2005.

 მიმართვა ქართველი ემიგრაციისადმი

იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა. რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგეს… ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა. ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის.

ამიტომ მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში. უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა, პირველ ყოვლისა, მდიდარი ქართული ენის განვითარებაში. ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან, ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმისა და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებამ… ეხლა მას აგვირგვინებს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები.

კვეხნაში ნურვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვით, რომ წილად მხვდა, სხვებთან ერთად, ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში. მცირე ნაწილი გამოცემულია და ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თან მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ: ,,ადამის ტომთა წესითა” და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს.

 

თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუროთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი. მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი. ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ეხლა გაქრა, ვინაიდან ამას, სულ ცოტა დასჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით. ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას, რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციებს და თვითეულ საზღვარს გარეთ მყოფ ქართველს განურჩევლად პარტიისა.

 

კეთილი ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლედ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადვან. ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადებაა, ერთი-ორი ნომერის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისათვის გადადვან, ამით მგონია, არაფერი დაშავდება.

 

მე მოწმე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპატიად შეიცვალა. ყველამ დიდი პატივი დამდვა, ძვირად თუ ვისმეს გაუწბილებივარ საყურადღებო ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიაც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად დაგვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ.

 

ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელ საჭიროებისა… მთელმა საქართველომ პატივი დაგვდვა და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი სიმპატია გამოყვა ემიგრაციასაც, მაშინ ჩემი წინადადება, პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. ამ საქმეში მაინც შევერთდეთ. იქნება ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოსო. ღმერთმა ქნას!

 

ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც, უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ.

 

ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე გაკეთებულია, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით, მდიდრები ცოტა გვყვანდენ და ვინც გვყავდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ. თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა.

ციტატები


ექვთიმე თაყაიშვილის ბარათი პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან

9 აპრილი

1935 წელი

  ვუკოლ ბერიძე

ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. მე აღარა მაქვს საშუალება და უფლება ნივთების დაცვასა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ. დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდენბა. ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიაც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა, ესე იგი:

1) რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრანგეთის ყოფილი ელჩის რჩევითა და დახმარებით.

2) რომ ეს ნივთთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმებისა, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.

3) რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული.

4) რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობის საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ის ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესე იგი საქართველოს მუზეუმებს, მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტშო ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარნი მოკლებული არიან საშუალებას ისარგებლონ ამ ნივთებით. მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთაველის იუბილეის გადახდისათვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამორებული. აგრეთვე მოხსენიებული იქნება, საბჭოების ხელისუფლებამ დაუბრუნა საქართველოს ყველა სამუზეუმო ქართული ნივთები, რომელნიც, წამორებული იყო რუსეთში.

ეხლა აუცილებელად საჭიროა, ამ ჩემს მოსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმების საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან, რომ მათ დაუბრუნდეს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები. მართალია, წერა-კითხვის და საეკლესიო მუზეუმები ეხლა გადაცემულია უნივერსიტეტისადმი, როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, სამხარვრო გალერეა სა საქართველოს მუზეუმები არსებობენ და მათმა გამგეობამ უნდა აღძრან შუამდგომობა.

გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს და დაწესებულებათ და რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინონ თქვენი შუამდგომობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს. კიდევ  ერთი ცნობა: შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ.

სამაგიეროდ ბევრს, ერთობ ბევრს ნივთებს მიიღებთ, რომელნის წინეთ არ ეკუთნოდნენ მუზეუმებს. სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ველი თქვენს პასუხს.

                                                                    ღრმად პატივისცემით ექვთიმე თაყაიშვილი

 

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაული

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სარტყელი საკუთარი ხელით, აქლემის ბეწვისაგან მოქსოვა.

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი

სიტყვა „ინდიქტიონი“, ლათინური სიტყვაა და სათავეს იღებს რომის იმპერიიდან.

საქართველოს ეკლესიის როლი დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის საქმეში

წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს იმას, რომ მთავარი მხოლოდ ბავშვის შობა კი არ არის, არამედ მისი სულიერად ჩამოყალიბება.

იერუსალიმში ღვთისმშობლის სუდარის გადასვენების ტრადიციული მსახურება აღესრულა

პროცესია სრულდება იერუსალიმის წმინდა ადგილების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ევოლუცია მჭიდროდ უკავშირდება ადრექრისტიანულ იერუსალიმურ ლიტურგიკულ პრაქტიკას.

რა არის ცნობილი სვიატოგორსკის ლავრაში მომხდარი მკვლელობის შესახებ?

სვიატოგორსკის ლავრაში ერთი ბერი მოკლეს და ორი დაიჭრა. რა არის ცნობილი ტრაგედიის შესახებ?