მოციქულთა მარხვა
კათოლიკე (საზოგადო) მარხვათა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია პეტრე-პავლობის, იგივე მოციქულთა მარხვას.
მოციქულთა მარხვა არასტანდარტულია და ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოიწევა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რადგან მოციქულთა მარხვას ქრისტეს მაცხოვნებელი აღდგომიდან 58-ე დღეს ვიწყებთ და ვასრულებთ თავმოციქულთა ხსენებას, 12 ივლისს. შესაბამისად, მისი ხანგრძლივობა 8-დან 42 დღემდე მერყეობს.
მარხვის იდეური საფუძველი თავად ახალ აღთქმაშია. მათეს სახარებაში იესო ქრისტე ფარისევლების პასუხად ამბობს: „მოვა დღე, როცა სიძე განეშორება მათ, და მაშინ იმარხულებენ“ (მათე 9:15). მართლაც, როცა უფალი ჯერ კიდევ თავის მოწაფეებთან იყო, - წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვისაებრ, - „არა უხმს (უხმდათ, სჭირდებოდათ) მათ აწ მარხვაჲ, რამეთუ არა არს ჟამი ამის საქმისაჲ“. თუმცა, ქრისტეს ამაღლებისა და სულიწმიდის მოფენის (ერგასობის) შემდეგ, მოციქულებმა უდიდესი მისია იტვირთეს - ქრისტიანობის ქადაგება მთელ მსოფლიოში. ამ საპასუხისმგებლო საქმის დაწყებამდე, ისინი ლოცვითა და მარხვით ემზადებოდნენ. სწორედ ამიტომ, ეკლესიამ დააწესა აღნიშნული მარხვა, რათა მორწმუნეები მიჰყოლოდნენ მოციქულთა მაგალითს.
მოციქულთა მარხვა ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უძველესია და მისი პირველი წერილობითი მოხსენიება III საუკუნეში გვხვდება. დასაწყისში, აღნიშნული მარხვა ერთგვარ დამაბალანსებელ ფუნქციას ასრულებდა. კერძოდ, მათ ვინც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლო დიდი მარხვის დაცვა, ვალდებული იყო სულთმოფენობის შემდეგ ემარხულა და ამით თავისი ქრისტიანული ვალი მოეხადა. თუმცა, დაახლოებით IV საუკუნიდან მოციქულთა მარხვამ საყოველთაო ხასიათი შეიძინა და ეკლესიამ ის დაადგინა როგორც სავალდებულო. წმინდა იოანე ოქროპირი თავის ქადაგებებში განმარტავს, თუ რატომ არის აუცილებელი მარხვა სულიწმიდის მოვლინების შემდეგ. მისი სწავლებით, მარხვა არის იარაღი იმ სულიერი ნიჭების შესანარჩუნებლად, რაც ადამიანმა დღესასწაულებზე მიიღო: „მოვიდა სულიწმიდა და მასთან ერთად მოგვეცა ურიცხვი ნიჭი, მაგრამ რაც უფრო დიდია საუნჯე, მით უფრო მეტი დაცვა სჭირდება მას. მოციქულებმა მარხვით დაიცვეს ის, რაც მიიღეს. ამიტომ, ჩვენც, როგორც მათი მოსწავლეები, ამ მარხვით ვამტკიცებთ ჩვენს ერთგულებას.“
წმინდა პეტრე - პავლეს ეკლესია ბოლნისში
წმინდა მამათა პათოსი მოციქულთა მარხვასთან მიმართებით ერთმნიშვნელოვანია. ნეტარი ავგუსტინეს აზრით: „ჩვენ ვზეიმობდით სულიწმიდის მოფენას, ახლა კი ვმარხულობთ, რათა ამ მარხვით ვაჩვენოთ, რომ სულიერი სიხარული ხორციელ თავშეკავებასთან უნდა იყოს შეზავებული.“ იგივეს ბრძანებს წმინდა ლეონ დიდი. რომის საყდრის მეთაურის თქმით: „ეს მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ სულთმოფენობის ხანგრძლივი დღესასწაულის დროს, ხორცის განებივრებისა და უზომო მხიარულებისგან მიღებული ვნებები განიკურნოს. საეკლესიო წესები ისეა მოწყობილი, რომ სულთმოფენობის წმინდა დღეების შემდეგ, როდესაც სულიწმიდამ ჩვენი გულები განაახლა, მოგველის მარხვის ღვაწლი. ეს კეთდება იმისთვის, რომ მოციქულთა მაგალითით, ჩვენც სულიერი იარაღით აღვიჭურვოთ ეშმაკის წინააღმდეგ.“ საინტერესო შეგონება აქვს ასევე წმინდა ამბროსი მედიოლანელს, რომლის თქმითაც: „უფალმა იმგვარად განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებებში ორმოცდღიან მარხვაში; ასევე ბედნიერგვყო თავისი აღდგომითა და სულთმოფენობით, ხოლო ამ მხიარულ დღეთა შემდეგ ჩვენ ისევ ვმარხულობთ, რათა მოციქულებთან ერთად მოვემზადოთ სულიწმიდის ნიჭთა შესანარჩუნებლად და დასაცავად.“
მოციქულთა მარხვის დაცვას მოუწოდებდა და საკუთარ მოწაფეებს განამტკიცებდა ღირსი თეოდორე სტუდიელიც. წმინდა სავანის წინამძღვარი ამგვარი სიტყვით მიმართავს ერთ-ერთ ქადაგებაში მონაზვნებს: „ძმანო და მამანო, აჰა, დადგა მოციქულთა მარხვის ჟამი - სულიერი ღვაწლისა და განწმენდის ახალი ასპარეზი. ნუ დავმძიმდებით ზაფხულის სიცხითა და ხორციელი უძლურებით, არამედ სიხარულით შევუერთდეთ ამ წმინდა მარხვას. მოციქულებმა, რომელთაც დაითმინეს შიმშილი, წყურვილი და დევნა ქრისტესთვის, ამ მარხვით ჩაუყარეს საფუძველი ეკლესიას. ჩვენც, მათ კვალს მიდევნებულებმა, განვამტკიცოთ ჩვენი სულები ლოცვით, მარხვითა და ურთიერთსიყვარულით, რათა ღირსეულად მივეგებოთ მათ წმინდა ხსენებას და გავხდეთ ქრისტეს მადლის თანაზიარნი.“
ერთია თუ რას ბრძანებენ წმინდა მამები მოციქულთა მარხვასთან დაკავშირებით და მეორე - რას განაჩინებს საეკლესიო კანონიკა აღნიშნულ საკითხთან მიმართებით. ასე მაგალითად, ერთ-ერთ ავტორიტეტულ წერილობით წყაროში „მოციქულთა განწესებანში“ ვკითხულობთ: „როდესაც იდღესასწაულებთ ორმოცდაათობას (სულთმოფენობას), შემდგომ ამისა იდღესასწაულეთ ერთი კვირა, ხოლო ამ კვირის დასრულების შემდეგ - იმარხულეთ, რადგან სამართლიანობა მოითხოვს, რომ ერთის მხრივ ვიხარებდეთ ღვთისგან ბოძებული ნიჭების გამო, ხოლო მეორეს მხრივ - ვიმარხულოთ ხორცის მოსადრეკად.“ აღსანიშნავია, რომ „სამოციქულო განწესებანის“ კანონები თავისი ავტორიტეტულობით ტრულის მსოფლიო კრებამ (691-92) სავალდებულოდ აღსასრულებლად მიიჩნია.
საგულისხმოა, 524 წელს ესპანეთის ქალაქ კერდში (თანამედროვე ქალაქი ლერიდა) ჩატარებული ადგილობრივი საეკლესიო კრება, სადაც მიღებულ იქნა კანონი მოციქულთა მარხვასთან დაკავშირებით. განწესებაში ვკითხულობთ: „სულთმოფენობის დღესასწაულის შემდგომ, მომდევნო კვირის განმავლობაში, ყოველგვარი მარხვა და მუხლთდრეკა იკრძალება, რათა სულიწმიდის მოფენის სიხარული სრულად იქნას განცდილი. ხოლო ამ კვირის დასრულებისთანავე, ორშაბათიდან, მორწმუნეებმა კვლავ უნდა იტვირთონ კანონიერი მარხვა და სინანული ხორცის მოსადრეკად.“
მოციქულთა მარხვის აუცილებლობის შესახებ საინტერესო არგუმენტად შეიძლება ჩაითვალოს წმინდა იოანე მმარხველის „ნომოკანონის“ განწესება. კონსტანტინეპოლელი პატრიარქის კანონებში პეტრე-პავლობის მარხვის შესახებ განჩინება სინანულისა და ეპიტიმიების კონტექსტშია განხილული. იგი მკაცრად განსაზღვრავს ოთხივე დიდ მარხვას და ადგენს სასჯელს მათთვის, ვინც ამ წესს არღვევს: „წელიწადში ოთხი მარხვაა დადგენილი ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის: წმიდა დიდმარხვა, მოციქულთა მარხვა, მარიამობის მარხვა და ქრისტესშობის მარხვა. თუ ვინმე, გარდა აუცილებელი ხორციელი უძლურებისა და სნეულებისა, გაკადნიერდება და დაარღვევს წმიდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მარხვას, ან სხვა დაწესებულ მარხვებს, იგი, როგორც საეკლესიო განწესების მოძულე და უგულებელსმყოფელი, განეყენოს წმიდა ზიარებისგან ორმოცი დღით და სინანულით (მუხლთდრეკითა) განიკურნოს.“
წმინდა იოანე მმარხველის „ნომოკანონი“ უდიდესი ავტორიტეტის მქონე კანონიკური ძეგლია, რომელმაც გავლენა მოახდინა როგორც ბერძნულ, ისე ქართულ საეკლესიო სამართალზე (მისი კანონები შესულია არსენ იყალთოელის მიერ ნათარგმნ „დიდ სჯულისკანონშიც“). შესაბამისად, წმინდა მამა აღნიშნული კანონით მოციქულთა მარხვას აყენებს იმავე იურიდიულ სიბრტყეზე, რომელზეც დგას დიდმარხვა ან შობის მარხვა.
მისი დარღვევა განიხილება არა უბრალოდ ნაკლოვანებად, არამედ „საეკლესიო განწესების უგულებელსყოფად“.
საგულისხმოა ასევე, ცნობილი ანტიოქიელი კანონისტის, პატრიარქ თეოდორე ბალსამონის (XII საუკუნე) შეხედულება, რომელიც პირდაპირ წერდა: „ყველა მორწმუნე, როგორც სასულიერო პირი, ისე ერისკაცი, ვალდებულია იმარხულოს ყოვლადქებული მოციქულების პეტრესა და პავლეს დღესასწაულის წინ... ვინც ამას არ აკეთებს, განეშორება ქრისტიანულ ერთობას.“
ამგვარად, განხილული არგუმენტების საფუძველზე (წმინდა მამათა სწავლება და საეკლესიო კანონიკა) მოციქულთა, იგივე პეტრე-პავლობის მარხვა უძველეს ტრადიციულ მარხვებს განეკუთვნება და მისი დაცვა სავალდებულოა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.