სულთმოფენობის თეოლოგიური დატვირთვა

1 ივნისი 14:42
324
სულთმოფენობა. ფოტო: მჟკ სულთმოფენობა. ფოტო: მჟკ

სულთმოფენობა არის წმინდა სამების საიდუმლოს საბოლოო, სრული განცხადება სამყაროსთვის.

სულთმოფენობა (ერგასობა) ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უმთავრესი, ათორმეტთაგანი დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მე-50 დღეს აღინიშნება. სწორედ სულთმოფენობით სრულდება განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტეს მიერ დედამიწაზე დაწყებული ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულების დიადი საქმე. სულთმოფენობა არის წმინდა სამების საიდუმლოს საბოლოო, სრული განცხადება სამყაროსთვის. ლიტურგიის ერთ-ერთ საკვანძო საგალობელში ვკითხულობთ: „ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოება ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყუანის-ვცემთ, რათა მან გუაცხოვნეს ჩუენ“. ეს ჰიმნოგრაფიული ტექსტი სწორედ სულთმოფენობის დღესასწაულიდანაა.

სულთმოფენობის დღესასწაულის შესახებ თხრობას ვხვდებით „საქმე მოციქულთაში“, რომლის თანახმადაც, იუდაური კარვობის დღესასწაულის დღის მესამე ჟამს, როდესაც მოციქულები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად იყვნენ სიონის მთაზე, იმ სახლში, სადაც მაცხოვარმა საიდუმლო სერობა აღასრულა, „იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ“, თითქოსდა ძლიერმა ქარმა დაჰბერა და მოციქულთა თავზე გაჩნდა ცეცხლის ენები. ისინი აღივსნენ სულიწმიდით და როგორც წმინდა წერილი გვაუწყებს: „იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად“. ამ დღეს იერუსალიმში შერკებილი უამრავი ადამიანი მშობლიურ ენაზე ისმენდა ღვთის სიტყვას, რომელსაც მოციქულები ქადაგებდნენ სულიწმინდისაგან მინიჭებული საოცარი უნარით. ხალხი იმდენად გაოცებული უსმენდა მათ, რომ ზოგიერთები ვერც იჯერებდნენ როგორ შეეძლოთ გალილეველ მეთევზეებს უცხო ენებზე საუბარი და ისინი მთვრალები ეგონათ.

სულთმოფენობის თეოლოგიური დატვირთვა მრავალმნიშვნელოვანია და ქრისტიანული ღვთისმეტყველების ქვაკუთხედს წარმოადგენს: ძველ აღთქმაში, ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას, ღმერთმა კაცობრიობის სიამაყის გამო ენები აურია ადამიანებს, რამაც მათი გათიშვა და გაუცხოება გამოიწვია. სულთმოფენობა ამ პროცესის „განკურნებაა“: სულიწმინდა სხვადასხვა ენების მეშვეობით კი არ ყოფს, არამედ აერთიანებს ადამიანებს ქრისტეში. ეს არის საყოველთაო (კათოლიკე) ეკლესიის დაფუძნება. თუ სინას მთაზე ღმერთმა რჯული მისცა ხალხს, რომელიც ქვებზე იყო ამოკვეთილი, სულთმოფენობისას ღვთაებრივი კანონი ადამიანის გულსა და გონებაში დაიწერა სულიწმინდის მიერ. ეს არის წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვების აღსრულება: „მივსცნე შჯულნი ჩემნი გონებათა მათთა და მკერდსა ზედა მათსა დაუწერო მათ“ (იერ. 31:33).

სულთმოფენობა არ არის ერთჯერადი ისტორიული ფაქტი, რომელიც წარსულს ჩაბარდა. ის არის მარად მოქმედი რეალობა ეკლესიაში. ყოველი ნათლობა, მირონცხება და ევქარისტია (ზიარება) არის სულთმოფენობის გაგრძელება. სულიწმინდაა ის, ვინც საიდუმლოებებს აღასრულებს და ეკლესიას ქრისტეს მისტიკურ სხეულად აქცევს.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელსაც არაერთი სიტყვა აქვს წარმოთქმული სულიწმინდის შესახებ, ბრძანებს: „სულიწმინდა გამოჩნდა ცეცხლის ენების სახით, რადგან მას აქვს თვისება განწმენდისა, ნათელყოფისა და აღგზნებისა: განწმენდისა – რათა განდევნოს ჩვენგან უსჯულოება; ნათელყოფისა – რათა განანათლოს ჩვენი გონება; და აღგზნებისა – რათა აღანთოს ჩვენი გულები ღვთაებრივი სიყვარულით.“ მისი თქმით, სულთმოფენობისას სულიწმინდა პირველად კი არ გამოუჩნდა ეკლესიას, არამედ უფრო სრულად და ცხადად წარმოჩნდა. მეორე კაბადოკიელი მამა, საღმრთო სიბრძნით განმსჭვალული წმინდა ბასილი დიდი, ასევე განადიდებს ყოვლადწმინდა სამების მესამე პირს და ბრძანებს: „როგორც მზის სხივები, რომლებიც ეცემა საგნებს, ყველას თანაბრად ჰფენს ნათელს, მაგრამ თითოეული საგანი თავისი ბუნებისამებრ ირეკლავს მას, ასევე სულიწმინდაც – ყველას თანაბრად ეფინება, მაგრამ თითოეულში მისი ტევადობისა და რწმენისამებრ მკვიდრდება. სულიწმინდაა ის, ვინც აერთიანებს ეკლესიას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და სხვადასხვანი, სულიწმინდა თითოეულ ჩვენგანში მკვიდრობს და ყველას ერთ სხეულად აქცევს ქრისტეში.“

წმინდა მამათა ერთობლივი აზრით, სულთმოფენობის დღესასწაული აღიქმება როგორც იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსების, დაბადების დღე, რადგან მოციქულები სულიწმინდის მიერ ერთ სხეულად შეიკრნენ ქრისტეში. ამიტომ ეკლესია არ არის უბრალოდ ადამიანთა გაერთიანება; იგი არის ქრისტეს სხეული, რომელიც სულიწმინდის მიერ ცოცხლობს. თუკი მოციქულები მანამდე ვერ (არ) ქადაგებდნენ განცხადებულად ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას, ახლა უკვე აღარ არიან დახურულ ოთახში შეკრებილი მოწაფეები, არამედ წარმოჩდნენ როგორც მთელი სამყაროს მოძღვრები. სწორედ აქ იწყება ეკლესიის მსოფლიო მისია. იგი გახდა ცოცხალი, მოქმედი ორგანიზმი. სწორედ სულთმოფენობის შემდეგ იწყებენ მოციქულები მაცხოვრის აღთქმის აღსრულებას და ეკლესიის მთავარი საიდუმლოებების - ნათლისღებისა („წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“)  და ზიარების („ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა“) სისტემატურ აღსრულებას.

ამგვარად, მაცხოვარმა ჩაყარა საძირკველი და ააგო ტაძარი, ხოლო სულიწმინდა სულთმოფენობის დღეს შევიდა ამ ტაძარში, აღანთო იქ მარადიული ცეცხლი და გახადა ეკლესია ცოცხალი, რომელსაც, მაცხოვრისავე სიტყვებით, „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“.

სულთმოფენობის დღესასწაულს სახასიათო ლიტურგიკული ტრადიციები გააჩნია. არსებობს უძველესი პრაქტიკა: ტაძრების იატაკი იფარება ახლადმოჭრილი მწვანე ბალახით, ხოლო ხატები და კანკელი ირთვება ხის ტოტებითა და ყვავილებით. მწვანე ფერი არის სიცოცხლის, განახლებისა და სულიწმინდის სიმბოლო. ეს მიანიშნებს, რომ სულიწმინდის მოფენით სამყარო განახლდა და სულიერი უნაყოფობისგან დაიხსნა.

სულთმოფენობის მსახურების ყველაზე გამორჩეული და ემოციური მომენტი არის საღვთო ლიტურგიის დასრულებისთანავე, სადღესასწაულო მწუხრი, რომლის დროსაც სრულდება მუხლმოდრეკის საგანგებო ლოცვები, რომელსაც ამბიონზე კითხულობს მღვდელი. აღდგომიდან სულთმოფენობამდე 50 დღის განმავლობაში ეკლესიაში მუხლმოდრეკა არ სრულდება, რადგან ეს პერიოდი გამარჯვებისა და სიხარულის სიმბოლოა. სულთმოფენობის წირვის შემდეგ კი მორწმუნენი პირველად იყრიან მუხლს. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია „მეუფეო ზეცათაოს“ გალობა, რომელიც ამავე სადღესასწაულო პერიოდში დატევებულია და არ სრულდება. სულთმოფენობის დღეს, მწუხრის მსახურებაზე, ეკლესია დიდი ზეიმით პირველად გალობს სულიწმინდის ამ ჰიმნს, რითაც იწყება მისი ყოველდღიური გამოყენება წლის ბოლომდე.

სულთმოფენობას, როგორც მოვლენას, ადამიანთა ხსნის საღვთო განაზრახსა და საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. სულთმოფენობის დროს მოციქულებზე დადგრომილი „ცეცხლის ენები“ (რომლებსაც წმინდა გრიგოლ პალამა შეუქმნელ ღვთაებრივ ენერგიას უწოდებს) არის სწორედ ის ძალა, რომელიც ადამიანს ღმერთთან აერთიანებს. მის გარეშე ადამიანი დარჩებოდა უბრალოდ „კარგ, მორალურ არსებად“, სულთმოფენობით კი მას ეძლევა შანსი, გახდეს „საღვთო ბუნების თანაზიარი“ (2 პეტრე 1:4). ვინაიდან სულთმოფენობა არის ეკლესიის დაბადების დღე, მან საფუძველი ჩაუყარა ადამიანთა ხსნის საიდუმლოებებს (ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, ქორწინება, მღვდლობა, ზეთისკურთხევა). ამდენად, ადამიანის ხსნა წარმოუდგენელია ეკლესიის გარეშე, ხოლო ეკლესია წარმოუდგენელია სულიწმინდის გარეშე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ