კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია
დებულების თანახმად, განვლო რა კათოლიკო-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან ორმოცმა დღემ, 28 აპრილს შეიკრიბა წმინდა სინოდის სხდომა, სადაც მღვდელმთავრებმა ფარული კენჭისყრით შეარჩიეს პატრიარქობის სამი კანდიდატი.
საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს.
მას შემდეგ, რაც ღვთივგანისვენა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა, ილია II-მ, ეკლესიის დროებით მმართველად დადგინდა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, რომელიც ამავდროულად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ჯერ კიდეც 2017 წლიდან გახლდათ.
საქართველოს ეკლესიის მიერ 1995 წელს მიღებული მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, პატრიარქის მოსაყდრეს ევალება უხელმძღვანელოს განსვენებული მამამთავრის დაკრძალვის პროცესს და იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ახალი საჭეთმპყრობლის გამოსარჩევად არის საჭირო. დებულებაში ვკითხულობთ: „საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა. საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმინდა სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ სამ კანდიდატს. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები“ (თავი IV, #8, #9, #10, #12).
ამგვარად, დებულების თანახმად, განვლო რა კათოლიკო-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან ორმოცმა დღემ, 28 აპრილს შეიკრიბა წმინდა სინოდის სხდომა,
სადაც მღვდელმთავრებმა ფარული კენჭისყრით შეარჩიეს პატრიარქობის სამი კანდიდატი: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, შიო (მუჯირი); მროველ-ურბნელი მიტროპლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
ამა წლის 11 მაისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის XIV გაფართოებული კრება, რომელსაც უნდა აერჩია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქი.
კრებაზე შეიკრიბნენ წმინდა სინოდის წევრები სრული შემადგენლობით, აგრეთვე სასულიერო და საერო პირებისგან შემდგარი 1147 დელეგატი საქართველოს ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიიდან. გაფართოებულ კრებაზე ყველა მონაწილეს (დელეგატს) ჰქონდა უფლება აზრი გამოეთქვა კანდიდატთა შესახებ, თუმცა, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ მღვდელმთავრები.
კენჭისყრის დაწყებამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მღვდელმთავრებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის სულის მოსახსენებლი პანაშვიდი გადაიხადა. თავად სხდომა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა და დასრულდა ფარული კენჭისყრით. ხმები ამგვარად განაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიიღო 22 ხმა; მროველ-ურბნელმა მიტროპლიტმა იობმა 9 ხმა; ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა 7 ხმა; ერთი ხმა ბათილად იქნა ცნობილი. შედეგად, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობელი გახდა, სახელით შიო III.
ახლადგამორჩეულ პატრიარქს პირველად საპატრიარქო კანდიდატებმა მიულოცეს. დასასრულს უწმინდესმა შიომ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა: „ყოვლად-სამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმანო და დანო. ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენს წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც. უპირველესად, მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო ჩემს უღირსებაზე; მადლობა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს; მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს; ღირს მამა შიო მღვიმელს; სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს წმინდა ღირს ალექსი სენაკელს, შუშანიას და სხვა ჩვენს სასიქადულო მოღვაწეებს, წმინდანებს შემწეობისა და მფარველობისთის; მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის...“
ტრადიციულად, მას შემდეგ, რაც გამოირჩევა ახალი პატრიარქი, მისი აღსაყდრება უნდა მოხდეს უახლოეს საღვთო ლიტურგიაზე. ახლადგამორჩეული პატრიარქის გადაწყვეტილებით, ინტრონიზაციის დღეს დადგინდა 12 მაისი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საქართველოსადმი წილხვდომილობის დღე. მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება ხდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმინდა ათორმეტთა მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
ამგვარად, 12 მაისს, სვეტიცხოვლის წმინდა საყდარში შიო III-მ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რანგში პირველი სადღესასწაულო წირვა აღასრულა. ინტრონიზაციას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სამღვდელო და სამონაზვნო დასის წევრები, ოფიციალური პირები და მრევლის წევრები სხვადასხვა ეპარქიებიდან.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება საღვთო ლიტურგიის დროს აღესრულება: თავდაპირველად, არქიდიაკონი წარმოთქვამს ლოცვას (მოწოდებას), რომელშიც მოხსენებულია განსვენებული დიდი მამამთავრები, რომელთა კათედრაზეც იწვევენ ახლადგამოღჩეულ პატრიარქს, ხოლო უპირატესი მღვდელმთავარი მიართმევს მას საპატრიარქო კვერთს; ინტრონიზაციის ძირითადი ნაწილი აღესრულება „მცირე შესვლისას“, რა დროსაც უპირატესი მღვდელმთავრის მიერ მუხლმოყრილი პატრიარქის წინაშე წაიკითხება სამი ლოცვა, რომლის დასრულების შემდეგაც მოართმევენ მას საპატრიარქო პანაღიებს და მიტრას. აღსაყდრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, „წმინდაო ღმერთოს“ გალობისას, ახლადგამორჩეული მწყემსმთავრის დაბრძანება საპატრიარქო მაღალდასაჯდომელზე, რა დროსაც ორი უპირატესი მღვდელმთავარი მამის, ძის და სულიწმინდის სახელზე, სამგზის დააჯენენ მას სამამამთავრო ტახტზე. ამგვარად, პატრიარქი სრული პატივით აღასრულებს საღვთო ლიტურგიას.
უწმინდესმა შიო III-მ, ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მიიღო სრული საპატრიარქო რეგალიები. მართვა-გამგეობის დებულების თანახმად: „სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის პატივის ნიშნებია: ძოწისფერი მანტია, შავი საპატრიარქო კუნკულ-ბარტყული ჯვრითა და ფრთებზე გამოსახული სერაფიმებით, ორი პანაღია და ჯვარი, დიდი პარამანი და ჯვრის წინგაძღოლის უფლება“ (თავი IV, #21).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ მსახურების დასრულების შემდეგ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა. ახლადაღსაყდრებული მამამთავრის სიტყვაში, რომელიც უდიდესი ემოციით იყო განმსჭვალული, განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მისი მოკრძალებული და გულმხურვალე თხოვნა: „გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას ვემსახურო ეკლესიას და ქართველ ერს“.