მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ციფრული ფულის საკითხზე ფართო საზოგადოებრივი განხილვის, პირადი ცხოვრების დაცვისა და ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ციფრული ფულის შემოღების საკითხს გამოეხმაურა და ადამიანის თავისუფლების, ფინანსური დამოუკიდებლობისა და პირადი ცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მღვდელმთავარმა განცხადებაში აღნიშნა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტმა ციფრული ფულის შემოღებასთან დაკავშირებული საკითხი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით დაამტკიცა. მისი შეფასებით, ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დაჩქარებულად განხილვა, როდესაც საზოგადოების აზრი სათანადოდ არ ისმის, სერიოზულ კითხვებს აჩენს.
ეპისკოპოსის განცხადებით, ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლის დანერგვას წინ უნდა უძღოდეს საზოგადოების ინფორმირება და ღია, ფართო განხილვა.
„ჩემთვის, როგორც სასულიერო პირისთვის, მიუღებელია ნებისმიერი სისტემა, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის, ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვისა და მისი თავისუფალი არჩევანის გაუქმების საფრთხეს შეიცავს“, — აღნიშნა მღვდელმთავარმა.
ეპისკოპოსმა გიორგიმ სახელმწიფოს, ეკლესიისა და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ადამიანის თავისუფლების დაცვა, ნაღდი ფულის გამოყენების შესაძლებლობის შენარჩუნება და ისეთი მიდგომის დაუშვებლობა, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს ადამიანის ღირსებაზე მაღლა დააყენებს.
„ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას“, — განაცხადა ეპისკოპოსმა.
მღვდელმთავარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის თავისუფლება ღვთისგან ბოძებული უფლებაა და არა სახელმწიფოსაგან მინიჭებული პრივილეგია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ეპისკოპოსი გიორგი ხელისუფლებას მიმართავს: „ნუ ჩაერევით საპატრიარქო არჩევნებში“.
