სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა საერთაშორისო სიმპოზიუმზე
საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და სარწმუნოების, სამშობლოსა და მოყვასისადმი ერთგულებაზე ისაუბრა.
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად თავისი სახელით მიესალმა ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მღვდელმთავრებს, სამღვდელოებასა და მოწვეულ სტუმრებს. მან საიუბილეო თარიღის სულიერ და ეროვნულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს აქ შევიკრიბეთ უფლისადმი უსაზღვრო მადლიერებით აღვსილნი, რათა ერთობით აღვნიშნოთ ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი და ღვთივკურთხეული მოვლენა — ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავი“, — აღნიშნა შიო III-მ.
მისასალმებელ სიტყვაში პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანული ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები გაიხსენა — წმინდა მოციქულთა ქადაგება, წმინდა ნინოს ღვაწლი და მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევა. მისი თქმით, ქრისტიანობამ ქართველ ერს ახალი სულიერი გზა და სარწმუნოებრივი ცნობიერება შესძინა.
„განვლილი ოცსაუკუნოვანი ისტორია მოწმობს, რომ ქრისტიანობამ დაუდო დასაბამი ჩვენში სრულიად ახალ სულიერ გზასა და სარწმუნოებრივ ცნობიერებას; გვასწავლა, რომ ადამიანის მთავარი მიზანი უფალთან მარადიული ერთობაა; მოგვმადლა განღმრთობისა და სულის ცხონების შესაძლებლობა“, — განაცხადა პატრიარქმა.
შიო III-მ განმარტა, რომ სიმპოზიუმის სახელწოდება — „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ — ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სულიერი და ეროვნული გზის უმთავრეს საყრდენებს გამოხატავს. მან ხაზი გაუსვა რწმენის, სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას ქვეყნის ისტორიული უწყვეტობის შენარჩუნებაში. პატრიარქმა ქართველი ერის მოწამებრივ წარსულზეც ისაუბრა და განსაკუთრებულად გაიხსენა ასი ათასი მოწამის თავგანწირვა. მისი შეფასებით, ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ქართველ ხალხს მისცა ძალა, შეექმნა გამორჩეული სულიერი და კულტურული სამყარო და მრავალი განსაცდელის მიუხედავად შეენარჩუნებინა მაცხოვრისადმი ერთგულება.
მიმართვის მნიშვნელოვანი ნაწილი თანამედროვე ადამიანის პასუხისმგებლობას დაეთმო. შიო III-მ აღნიშნა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარება დიდი სიკეთეა, თუმცა პროგრესმა ადამიანს სულიერი ღირებულებები არ უნდა დაავიწყოს. „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი — ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას; პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება; ცხოვრების გამარტივებამ, ცრუ ფასეულობებმა და იდეოლოგიებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს თავისუფალი ნება, სიყვარული, თანაგრძნობის უნარი, თავმდაბლობა და სინდისი“, — აღნიშნა მან.
პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა რწმენის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენის აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ქრისტიანის მოწოდება დროის ცვლილების მიუხედავად უცვლელი რჩება. „დრონი იცვლებიან, მაგრამ ქრისტიანის მოწოდება უცვლელია — იღვაწოს და იცხოვროს უფლის რწმენით, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულითა და თავდადებით. დღეს ჩვენი გამოცდაც სწორედ ეს არის — დარჩება რწმენა მხოლოდ წინაპართა მემკვიდრეობად და ლიტონ სიტყვებად, თუ იქცევა საქმედ?!“ — ბრძანა შიო III-მ.
კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული მადლიერებით გაიხსენა ნეტარხსენებული ილია II-ის მრავალწლიანი მსახურება და მამობრივი მზრუნველობა. მან საქართველოს სულიერი გამოღვიძების საქმეში თავისი წინამორბედის ღვაწლს გაუსვა ხაზი. „უწმინდესი და უნეტარესი ილიას II-ის გზამ გვიჩვენა მადლი და ძალა მოციქულებრივი ღვაწლის უწყვეტობისა, საქმედ ქცეული რწმენისა, სამშობლოსადმი თავდადებისა და ადამიანთა სიყვარულისა“, — აღნიშნა პატრიარქმა.
შიო III-მ მიმართვაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებზეც ისაუბრა და მშვიდობისა და ძმური ერთობის აღდგენის იმედი გამოხატა. „დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით, დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით, ეს ასეც იქნება და ჩვენ შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა!“ — განაცხადა მან.
პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსაც მიმართა და სიხარულით აღნიშნა, რომ ისინი სამშობლოდან შორს ინარჩუნებენ რწმენას, ეკლესიასა და მამულთან კავშირს. „ჩვენ მუდამ ვლოცულობთ და ველოდებით მათ“, — ბრძანა შიო III-მ.
მიმართვის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა სიმპოზიუმის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და ღვთის ერთგულების, სამშობლოს მსახურებისა და მოყვასის სიყვარულისკენ მოუწოდა. „ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ყოვლადწმინდა სამებამ მოგვმადლოს მტკიცე რწმენა, ძალა და მადლი, რათა უფლის ერთგულებით, სამშობლოს მსახურებითა და მოყვასის სიყვარულით ვიაროთ „წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა“ მიმყვანებელი გზით“, — აღნიშნა პატრიარქმა.
მართლმადიდებელ ჟურნალისთთა კავშირი ადრე წერდა: თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გაიხსნა.