მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ კონფერენციაზე გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერისა და ფილოლოგის სამეცნიერო მოღვაწეობასა და ქართული ფსალმუნების გამოცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
15 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ენათმეცნიერისა და ფილოლოგის, აკადემიკოს მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება გელათის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ გახსნა. მღვდელმთავარმა კონფერენციის მნიშვნელობაზე და აკადემიკოს მზექალა შანიძის მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ. საქართველოს ეკლესიის მეთაურის მისასალმებელი სიტყვა დამსწრე საზოგადოებას მეუფე იოანემ გააცნო.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა სამეცნიერო თემაზე მოხსენებები წარმოადგინეს. მათ შორის განხილული იყო ბერძნული ფსალმუნის გამოცემის ტრადიცია და მეთოდი, ციფრული გამოცემა გიოტინგენის პროექტში, თეოდორიტეს ბიბლიის ტექსტის ძიების მაგალითები 39-ე ფსალმუნიდან, ასევე მზექალა შანიძის საქმიანობა ქართული ფსალმუნების გამოცემის მიმართულებით და ქართული ფსალმუნის გამოცემის პერსპექტივები.
ღონისძიების დასასრულს ანსამბლმა „სახიობამ“ საგალობლები შეასრულა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პროექტის „ღირებულებითი განათლება“ ფარგლებში მოსწავლეები დეკანოზ იაკობ ქარდავას შეხვდნენ.