მცხეთაში ერთ-ერთ ქუჩას ილია მეორის სახელი მიენიჭა
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქში მდებარე ე.წ. სამხედროს ქუჩას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სახელი ეწოდა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე, ქალაქ მცხეთაში მდებარე ე.წ. სამხედროს ქუჩას სახელი შეეცვალა და მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სახელი მიენიჭა.
საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საფუძველი ისტორიული ვითარება და სხვა ობიექტური გარემოებები გახდა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გეოგრაფიული ობიექტისთვის საზოგადო მოღვაწის სახელის მინიჭება, როგორც წესი, მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ არის დასაშვები. აღნიშნულ შემთხვევაში კი, გამონაკლისის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქუჩისთვის ილია მეორის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხი მიმდინარე წლის 15 აპრილს განიხილა.
14 ივლისს საკრებულომ „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიისგან“ შესაბამისი სპეციალური თანხმობაც მიიღო.
განკარგულებას ხელს აწერს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვახაძე. დოკუმენტი ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში.
ილია მეორის სახელობის ქუჩა მცხეთის ერთ-ერთი მთავარი და დატვირთული სატრანსპორტო არტერიაა. აღნიშნული ქუჩა ქალაქზე გამავალი ისტორიული სამხედრო გზის მონაკვეთს წარმოადგენს.
ქუჩაზე განთავსებულია სხვადასხვა ადმინისტრაციული, სამედიცინო და კომერციული ობიექტი, მათ შორის — მცხეთის რაიონული სასამართლო, მცხეთის სამედიცინო ცენტრი, საბანკო ფილიალები, სავაჭრო ობიექტები და სხვადასხვა დაწესებულება.
ქალაქ მცხეთაში ერთ-ერთი მთავარი ქუჩისთვის ილია მეორის სახელის მინიჭება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი ხანგრძლივი წინამძღოლის ღვაწლისა და ისტორიული მნიშვნელობისადმი პატივისცემის გამოხატულებად განიხილება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ შიოს ქადაგება პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღეს.