მართლმადიდებელი ეკლესია 17 აგვისტოს შვიდი ეფესელი ყრმის ხსენებას აღნიშნავს
ქრისტესთვის აღსრულებული ღვაწლისა და აღდგომის სასწაულის მოწმენი:მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე და ანტონინე.
17 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია შვიდი ეფესელი ყრმის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანები — მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე — III საუკუნეში, იმპერატორ დეკიუსის (249–251) მეფობის დროს ცხოვრობდნენ.
შვიდივე ყრმა ეფესოში მცხოვრები დიდებული ოჯახების შვილები და ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები იყვნენ. იმპერატორ დეკიუსის მიერ ქრისტიანთა სასტიკი დევნის დაწყებისას ისინი წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარს აცხადებდნენ და ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებას ღიად ადასტურებდნენ.
მათ იმპერატორის წინაშე მტკიცედ განაცხადეს, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის სწამდათ და კერპებისთვის მსხვერპლს არ შესწირავდნენ. დეკიუსმა მათი დასჯა არ ისურვა და იმედოვნებდა, რომ დროთა განმავლობაში ჭაბუკები გადაწყვეტილებას შეიცვლიდნენ.
შვიდმა მეგობარმა ამ დროით ისარგებლა, ქონება ღარიბებს დაურიგა და ქალაქიდან გავიდა. ისინი ოქლონის მთის გამოქვაბულში განმარტოვდნენ, სადაც მარხვასა და ლოცვაში ემზადებოდნენ მოსალოდნელი მოწამეობრივი ღვაწლისთვის.
როდესაც დეკიუსი ეფესოში დაბრუნდა, ყრმებმა გადაწყვიტეს, ნებაყოფლობით გამოცხადებულიყვნენ სამსჯავროზე. თუმცა, ღვთის განგებით, მათ გამოქვაბულში „ტკბილითა სიკუდილითა“ მიეძინათ. იმპერატორის ბრძანებით მღვიმის შესასვლელი ქვებით ამოიქოლა.
გადმოცემის თანახმად, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, კეთილმსახური იმპერატორის, თეოდოსი უმცროსის დროს, როდესაც ზოგიერთი მწვალებელი უარყოფდა მკვდართა აღდგომას, უფალმა შვიდი ყრმის სასწაულებრივი გამოღვიძებით ადამიანებს აღდგომის საიდუმლო გაუმჟღავნა.
მღვიმის შესასვლელი შემთხვევით გაიხსნა და შვიდი ყრმა სრულიად უხრწნელი სხეულებით გამოიღვიძა. მათ არ იცოდნენ, რამდენი საუკუნე იყო გასული მათი მიძინებიდან. იამბლიქო ქალაქში პურის საყიდლად გაემართა და გაოცებული დარჩა, როდესაც ეფესოში ქრისტიანობის თავისუფლად აღიარება იხილა.
მისი უძველესი მონეტით გადახდის მცდელობამ ქალაქის მცხოვრებთა ყურადღება მიიპყრო. იამბლიქო ქალაქის მმართველთან მიიყვანეს, სადაც იმ დროს ეფესოს ეპისკოპოსიც იმყოფებოდა. საბოლოოდ, მღვიმეში მისულმა ხალხმა შვიდი ყრმა იხილა და მათი სასწაულებრივი ამბავი შეიტყო.
სასწაულის შესახებ იმპერატორ თეოდოსისაც ეცნობა. იგი ეფესოში ჩავიდა და წმიდანებს ესაუბრა. ყრმებმა ყველას წინაშე კიდევ ერთხელ დაამოწმეს ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტება და შემდეგ კვლავ მიიძინეს — საყოველთაო აღდგომის მოლოდინში.
წმიდა ყრმებმა იმპერატორს სთხოვეს, მათი ცხედრები მიწაზე დაეტოვებინა და არა ოქროსა და ვერცხლის ლუსკუმებში დაესვენებინა, რადგან ღმერთმა ისინი მიწიდან აღადგინა და მიწას უნდა დაბრუნებოდნენ.
შვიდი ეფესელი ყრმის ხსენება მართლმადიდებელ ეკლესიაში 17 აგვისტოს აღინიშნება.
მათი ხსენება ასევე 22 ოქტომბერსაც არის დაწესებული.
წმიდა ყრმათა ცხოვრება ეკლესიისთვის ქრისტესადმი ერთგულების, ლოცვისა და სარწმუნოების სიმტკიცის მაგალითია, ხოლო მათი სასწაულებრივი გამოღვიძება — მკვდართა საყოველთაო აღდგომის იმედისა და ღვთის ყოვლისშემძლეობის ერთ-ერთი გამორჩეული მოწმობა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართალი ანა და მისი წმინდა სკიტი ათონის მთაზე.