6 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს ილარიონ თუალელის ხსენების დღეს აღნიშნავს
წმინდა ილარიონი გიორგი მთაწმინდელის აღმზრდელი, სულიერი მოძღვარი და XI საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერალი და მთარგმნელი იყო.
6 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირს ილარიონ თუალელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა ილარიონ თუალელის შესახებ ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემონახული. ცნობილია, რომ თავდაპირველად იგი ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა და თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს სასულიერო მოღვაწედ, მწერლად და მთარგმნელად ითვლებოდა.
XI საუკუნის მოღვაწე გიორგი მცირე „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ წმინდა ილარიონს ასე ახასიათებს: „უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოღვაწებათა შინა განთქმული“, ხოლო მისი ღვაწლის აღწერას შეუძლებლად მიიჩნევს, რადგან „ვითარცა მთიები ბრწყინავდა კრებულსა შორის მამათასა“.
ღირსი ილარიონი განსაკუთრებული სიყვარულითა და მზრუნველობით ზრდიდა ხახულის მონასტერში მიყვანილ ყრმა გიორგის, მომავალ წმინდა გიორგი მთაწმინდელს. სწორედ მან აღკვეცა იგი მონაზვნად და ჩაუნერგა ის სულიერი სიწმინდე, ცოდნა და სიბრძნე, რომლებმაც შემდგომში უდიდესი სამსახური გაუწია საქართველოს ეკლესიას.
მკვლევართა ცნობით, მოგვიანებით წმინდა ილარიონი ანტიოქიის მახლობლად მდებარე თუალის მონასტერში გადავიდა სამოღვაწეოდ, რის გამოც ისტორიაში „თუალელის“ სახელით არის ცნობილი.
მიხეილ საბინინის ცნობით, ღირსი ილარიონ თუალელი 1041 წელს აღესრულა. მისი ხსენება კი ყოველწლიურად, 6 აგვისტოს, საეკლესიო კალენდრით აღინიშნება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, ეკლესია დღეს წმიდა მოციქულთასწორ მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელს იხსენებს.