24 ივლისს ეკლესია დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

2824
24 ივლისი 14:44
11
დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული

წმინდანი, რომლის შუამდგომლობით IV მსოფლიო კრებაზე მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება სასწაულებრივად დადასტურდა.

24 ივლისს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენებს დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულს, რომელიც 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის პერიოდში, ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებისთვის მოწამეობრივად აღესრულა.

ნახევარი საუკუნის შემდეგ, როდესაც ქრისტიანობა რომის იმპერიაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, წმინდა ეფემია კიდევ ერთხელ იქცა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტების მოწმედ. 451 წელს, ქალკედონში, მის სახელზე აგებულ ტაძარში, სადაც წმინდანის უხრწნელი ნაწილები იყო დაბრძანებული, IV მსოფლიო კრება გაიმართა.

კრებაზე მართლმადიდებელ და მონოფიზიტ წარმომადგენლებს შორის ქრისტეს ბუნების შესახებ დავა ვერ გადაწყდა. საბოლოოდ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ანატოლიმ საკითხის გადაწყვეტა ღვთის ნებასა და წმინდა ეფემიას მეოხებას მიანდო. ორივე მხარემ საკუთარი სარწმუნოების აღსარება წერილობით წარადგინა, გრაგნილები წმინდანის ლუსკუმაში მოათავსეს და სამი დღის განმავლობაში ლოცვითა და მარხვით ელოდნენ ღვთის პასუხს.

ლუსკუმის გახსნისას სასწაული აღესრულა — მართლმადიდებლური მრწამსის შემცველი გრაგნილი წმინდა ეფემიას მარჯვენა ხელში ეჭირა, ხოლო ერეტიკოსთა ხელნაწერი მის ფეხებთან იდო. გადმოცემის თანახმად, წმინდანმა ხელი ასწია და მართლმადიდებლური აღმსარებლობის გრაგნილი პატრიარქს თავად გადასცა.

ამ სასწაულის შემდეგ მრავალი ადამიანი დაუბრუნდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ხოლო IV მსოფლიო კრებამ მონოფიზიტური სწავლება დაგმო და ეკლესიიდან განკვეთა.

შემდგომ საუკუნეებში წმინდა ეფემიას წმინდა ნაწილები ქალკედონიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. ხატმბრძოლობის პერიოდში სიწმინდე ზღვაში გადააგდეს, თუმცა ღვთის განგებით იგი ნაოსანმა ძმებმა გადაარჩინეს. VII მსოფლიო კრების შემდეგ, 787 წელს, ხატთაყვანისცემის აღდგენისას, წმინდა ეფემია ყოვლადქებულის უხრწნელი ნაწილები საზეიმოდ კვლავ კონსტანტინოპოლში დააბრძანეს.

წმინდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული მოწამეა, რომლის ცხოვრება და სასწაულები საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმტკიცისა და ჭეშმარიტების მნიშვნელოვან მოწმობად მიიჩნევა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 17 ივლისს ეკლესია წმინდა ანდრიას, კრიტელი მთავარეპისკოპოსს მოიხსენებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ