მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი განცხადებას ავრცელებს

2824
23 ივლისი 23:13
75
გიორგი,მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი. ფოტო: ეპარქიის გვერდი გიორგი,მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

„როგორც მღვდელმთავარი, ვმოქმედებდი საეკლესიო სამართლის კანონიკური ნორმების დაცვით“ — ეპისკოპოსი გიორგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმიანება. მეუფე საკუთარ პოზიციას პირველ პირში აფიქსირებს და აცხადებს, რომ სურს საზოგადოებას საქმის ირგვლივ მეტი სიცხადე შესძინოს.

„დიდი ხანია ამ ქვეყანაში სამართალს კრიზისი უდგას და ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც მღვდელმთავარი, ვმოქმედებდი საეკლესიო სამართლის კანონიკური ნორმების დაცვით, მოსამართლემ უგულებელყო მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინა. არ გაითვალისწინა, რომ ვმოქმედებდი საეკლესიო სამართლით ჩემთვის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ჩემს ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით,“ — აცხადებს ეპისკოპოსი გიორგი.

მისი თქმით, პიროვნების ვინაობა არც ამბიონიდან და არც საეკლესიო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში არ გაჟღერებულა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების ისე წარმოჩენა, თითქოს სამართალი საბოლოოდ აღსრულდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„აღნიშნული საქმე სამოქალაქო საქმეების კატეგორიას მიეკუთვნება და მას კავშირი არ აქვს სისხლის სამართლის დანაშაულის განხილვასთან. ეს პროცესი ჯერ კიდევ წინაა,“ — აღნიშნავს მეუფე.

ეპისკოპოსი გიორგი ასევე განმარტავს, რომ ბოლნისის რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია, ჰქონდა თუ არა დანაშაულის მომზადებას ადგილი, რადგან მსგავსი საკითხის განხილვა მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა.

„შესაბამისად, ატეხილი აჟიოტაჟი, ყიჟინა და აღდგენილ სამართალზე საუბარი უადგილო, სასაცილო და ნაადრევია. ეს გახლავთ ჩემი პოზიცია და ბოლო კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ მასკარადში მონაწილეობას აღარ ვაპირებ,“ — აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ეპისკოპოსი გიორგი ხელისუფლებას მიმართავს: „ნუ ჩაერევით საპატრიარქო არჩევნებში“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ