თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის „რეკვიემი“ შესრულდა
კონცერტს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს საპატრიარქოს, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის — „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო 1700“, ფარგლებში საზეიმო კონცერტი გაიმართა.
საღამოს პროგრამაში ჯუზეპე ვერდის ცნობილი „რეკვიემი“ შესრულდა. კონცერტში მონაწილეობდნენ სოლისტები იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ოთარ ჯორჯიკია და რამაზ ჩიკვილაძე, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი, რომელთაც ზვიად ბოლქვაძე დირიჟორობდა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო. მინისტრმა კონცერტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს წარმატებული შესრულება მიულოცა.
„დღევანდელი საღამო ემოციებით იყო სავსე. წარმატებას ვულოცავ ყველა მონაწილეს, ოპერისა და ბალეტის თეატრს. ღირსეულად წარადგინეს პროექტი, რომელიც უმნიშვნელოვანეს თარიღს — საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება“, — განაცხადა თინათინ რუხაძემ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ კონცერტს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფესტივალის „საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო – 1700“ ფარგლებში წლის ბოლომდე არაერთი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, სოლისტები, ანსამბლები, საგუნდო კოლექტივები და ორკესტრები მონაწილეობენ.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან სვიმონ ჯანგულაშვილი და ზვიად ბოლქვაძე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხაშურში „ახალი ბანას“ ბავშვთა გუნდში მოსწავლეთა მიღება იწყება.