საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა
საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებს 1 სექტემბრიდან აეკრძალებათ სოციალური მედიის ანგარიშების შექმნა და პლატფორმებს მომხმარებლების ასაკის დადასტურება მოეთხოვებათ.
2026 წლის 21 ივლისს, საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა 15 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა ორივე პალატამ - ეროვნულმა ასამბლეამ და სენატმა, იუწყება Reuters.
ახალი წესების თანახმად, 15 წლამდე ასაკის ბავშვებს 1 სექტემბრიდან აეკრძალებათ სოციალური მედიის ანგარიშების შექმნა. პლატფორმებს დამატებით ოთხი თვე მიეცემათ არასრულწლოვანი მომხმარებლების არსებული ანგარიშების იდენტიფიცირებისა და დახურვისთვის.
სოციალური მედიის პლატფორმებს ასევე მოეთხოვებათ საფრანგეთის მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული ასაკის დადასტურების სისტემის დანერგვა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვარაუდობს, რომ კანონი ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის ამოქმედდება.
ხელოვნური ინტელექტის მინისტრის მოადგილემ, ან ლე ჰენანფმა, განაცხადა, რომ საფრანგეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც დააწესა ე.წ. ციფრული სრულწლოვანების ასაკი. მსგავსი შეზღუდვები ადრე შემოიღეს ავსტრალიაში, სადაც 16 წლამდე ასაკის პირებს ეკრძალებათ სოციალური მედიის გამოყენება.
მაკრონმა აკრძალვის აუცილებლობა ახსნა სოციალური მედიის მიერ მოზარდების ყურადღებაზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითი გავლენის მოყვანით. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება ახალგაზრდებს „ზრდასრულებად და, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“ უნდა დაეხმაროს და შესაბამისად, სოციალურ პლატფორმებზე წვდომა 15 წლამდე უნდა შეზღუდოს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დიდმა ბრიტანეთმა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა.