კათოლიკოს-პატრიარქი შიო III კულტურის მინისტრს შეხვდა
საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით ერთობლივ სამუშაოებს დაგეგმავენ.
21 ივლისს, საპატრიარქო რეზიდენციაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მისი თანმხლები პირები მიიღო.
შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმო საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდება ორივე უწყების წარმომადგენლებით, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ და დაგეგმავენ შესაბამისი პროექტებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას. პატრიარქ შიო III-ის კურთხევით, უახლოეს პერიოდში ჯგუფის საქმიანობის დეტალური გეგმა განიხილება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ასევე კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხეიძე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უწმინდესისა და უნეტარესის ქადაგება თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე.