სან-ბრიოში ქართული მართლმადიდებელი სამრევლო დაფუძნდა
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით შექმნილ ახალ სამრევლოს წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელი ეწოდა.
19 ივლისს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, საფრანგეთის ქალაქ სან-ბრიოში ახლად დაფუძნებულ ქართულ მართლმადიდებელ სამრევლოში პირველი საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
ღვთისმსახურება მთ. ანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა აღასრულა.
ახალ სამრევლოს წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელი ეწოდა. მისი დაფუძნება მნიშვნელოვანი მოვლენაა სან-ბრიოში მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლებისთვის, რომელთაც საკუთარი ქალაქის ფარგლებში ეკლესიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.
საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას განსაკუთრებულად იგრძნობოდა ლოცვითი ერთობა, სულიერი სიმშვიდე და ღვთის მადლი. მრევლი სიხარულითა და მადლიერებით აღნიშნავდა, რომ მათი მრავალწლიანი სურვილი რეალობად იქცა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მასპინძლებმა სასულიერო პირები და მრევლი საერთო ტრაპეზზე მიიწვიეს, სადაც თბილ და ოჯახურ გარემოში გაგრძელდა ურთიერთობა.
ახალი ქართული მართლმადიდებელი სამრევლოს დაარსება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ქართველების სულიერი ცხოვრების გაძლიერებისა და ქართული საეკლესიო ტრადიციების განმტკიცების საქმეში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა აბრაამმა არქიმანდრიტ ანტონ (კანდელაკს) მრავალწლიანი მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა.